რას აღვნიშნავთ 8 მარტს - დღესასწაულის უცნობი ისტორია

10:00 03-08-2018
1612
თეგები: 8 მარტი

თავიდან მას წმინდა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და თანასწორობისა და საკუთარი უფლებებისთვის ქალთა ბრძოლის დღე იყო. მაგრამ დრომ ამ დღესასწაულს პოლიტიკური ელფერი დაუკარგა და დღეს ჩვენ გაზაფხულისა და სიყვარულის დღესასწაულს აღვნიშნავთ.

პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

არსებობს ვერსია, რომ 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო.  

თუმცა, დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესების შესახებ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით უნდა ეცადათ საკუთარ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

ამჟამად არსებული ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებს. ქალთა გლობალური ასოციაციის, „ავრორას“ საიტზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება. ეს ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ადგილობრივი მოვლენების მსოფლიო მასშტაბით გაშუქებას. მრავალი ქვეყნის მთავრობა და ბევრი ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალთა საერთაშორისო დღეს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე