"ვილა შვეიცარიაში, კერძო ვერტმფრენი და ძვირადღირებული საათი..." - რუსეთის პატრიარქს ქონება გაუსაჯაროვეს

11:06 03-09-2018
106

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქის კირილის ქონება გაასაჯაროვა.

მისი მტკიცებით, რუსული ეკლესიის სულიერ ლიდერს შვეიცარიაში ვილა, კერძო ვერტმფრენი და 30 ათასი დოლარის ღირებულების საათი აქვს. ამის შესახებ ბულგარეთის მედია წერს.

გარდა ამისა, ბულგარეთის ვიცეპრემიერმა მას КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. სიმეონოვის განცხადებით, 1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა.

ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

მანამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.

ავტორი: ლილუ მიროტაძე