მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი თვლის, რომ ქართველი კულტურის მოღვაწეების მიერ დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილი წერილი შედეგს არ გამოიღებს.
ამის შესახებ ქეთათო ჩარკვიანმა "პრაიმტაიმს" განუცხადა.
"რა დიდი ლაპარაკი უნდა ამას, რომ ცხედარი უნდა გადმოგვცენ, მაგრამ პუტინთან რამდენად შედეგიანი იქნება ეს წერილი არ ვიცი. პუტინს რა უნდა სთხოვო საერთოდ მე არ მესმის, რომელმაც დაგვიპყრო და გაგვაჩანაგა", - აცხადებს ქეთათო ჩარკვიანი.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, კულტურის ქართველმა მოღვაწეებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს.
"ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.
ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართველ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება",- აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს ასმათ ტყაბლაძე, ნუნუ გაბუნია, თეიმურაზ გვალია, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, მარიკო კვალიაშვილი, ირმა სოხაძე, დავით ოქიტაშვილი და ლია მიქაძე აწერენ.
ნინო რაზმაძე