(Exclusive) თამარ ივერი ფიქრობს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით, მოსკოვში აქციები უნდა მოეწყოს

12:39 03-12-2018
188

საოპერო მომღერალი თამარ ივერი თვლის, რომ ქართველი კულტურის მოღვაწეების მიერ დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილს ამ ფორმით, აზრი არ აქვს და ამისთვის ყველა ხელოვანი უნდა გაერთიანდეს. 

როგორც თამარ ივერმა პრაიმტაიმს განუცხადა,  მოსკოვში აქციები უნდა მოეწყოს. 

მიმართვის ფორმების გააჩნია, მე მესმის, რომ ამ სიტუაციაში კულტურის წარმომადგენლებს აქვთ რაღაც ილუზიები, მაგრამ ნაკლებად მგონია კულტურის წარმომადგენლების მიმართვას აზრი ქონდეს. ბევრი მათგანი არ წამოადგენს ისეთ ავტორიტეტს, რომ ყურადღება მიაქციონ მათ მოთხოვნებს. აქ ყველაფერი ხდება  პოლიტიკური გათვლით, მე რა მაწყობს, შენ რა გაწყობს, ეს ყველაფერი არის  ჭადრაკივით და ქართველი ხელოვანების მოთხოვნა და სენსიტიური მომენტები პოლიტიკაში ნაკლებად ადარდებთ. მაშინ ძალიან საყოველთაო უნდა იყოს, 5-10 და  თუნდაც 15 ხელოვანი ამინდს ვერ დავაყენებთ, ეს უნდა იყოს მთელი საქართველოს ხელოვანები და სპორტის წარმომადგენლების მიმართვა. მოსკოვში უნდა მოეწყოს დიდი აქციები. ალბათ როცა ტელევიზიები ჩაერთვება იქ, მაშინ შეიძლება რამე რეაგირება იყოს. ასე ხელოვანები და მუსიკოსები რა აზრი აქვს მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, - განაცხადა საოპერო მომღერალმა. 

პრაიმტაიმის ინფორმაციით, კულტურის ქართველმა მოღვაწეებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს. 

ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება. 

ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართველ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება,- აღნიშნულია წერილში. 

წერილს ხელს ასმათ ტყაბლაძე, ნუნუ გაბუნია, თეიმურაზ გვალია, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, მარიკო კვალიაშვილი, ირმა სოხაძე, დავით ოქიტაშვილი და ლია მიქაძე აწერენ.

 

 

ნინო რაზმაძე