მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი თვლის, რომ ქართველი კულტურის მოღვაწეების მიერ დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილს ამ ფორმით, აზრი არ აქვს, რადგან კატეგორიული ტონის აზრს ვერ ხედავს.
როგორც მსახიობმა პრაიმტაიმთან აღნიშნა, თუ დარწმუნდება, რომ ეს ქმედება რაიმეს შეცვლის, ქართველი ხელოვანების გვერდითაც დადგება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნონ.
კატეგორიული ტონი რამდენად მისაღებია ეს არ ვიცი, ვის ვთხოვთ ხალხო, ვის, სისხლის მწყურვალე პუტინს ვთხოვთ კატეგორიული ტონით?! კაცს, რომელსაც მსოფლიოს სისხლი სწყურია? კაცი, რომელიც იბრძვის, რომ დაგვამონოს? კაცი, რომელიც ჩვენს კეთილდღეობაზე არ ფიქრობს? კაცი, რომელიც ყოველ დილით გეგმავს, როგორ გვაზარალოს? როგორ გადმოწიოს ტერიტორია, როგორ მოგვიკლას ახალგაზრდა, მერე როგორ იქილიკოს ამ ყველაფერზე და წაიყვანოს ესა თუ ის ხელოვანი და ამღეროს თუ აცეკვოს, ამ კაცს ველაპარაკებით ჩვენ კატეგორიული ტონით და ეს კატეგორიული ტონი ჭრის რამეს?! თუ ეს ჭრის რამეს, მაშინ მე ხელსაც ვაწერ და მივდივარ კიდეც ყველაფერზე, რომ დაბრუნდეს ჩვენი გარდაცვლილი ბიჭი, - განაცხადა ბიბინეიშვილმა.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, კულტურის ქართველმა მოღვაწეებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს.
ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.
ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართველ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება,- აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს ასმათ ტყაბლაძე, ნუნუ გაბუნია, თეიმურაზ გვალია, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, მარიკო კვალიაშვილი, ირმა სოხაძე, დავით ოქიტაშვილი და ლია მიქაძე აწერენ.
ნინო რაზმაძე