მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი თვლის, რომ ქართველი კულტურის მოღვაწეების მიერ დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილს ამ ფორმით, აზრი არ აქვს, რადგან კატეგორიული ტონის აზრს ვერ ხედავს.
როგორც მსახიობმა "პრაიმტაიმთან" აღნიშნა, ალბათ უკეთესი იქნება, საოკუპაციო ზოლთან მდუმარე აქცია მოეწყოს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნონ.
"მაშინ, როცა ევროპა არ გვიდგას გვერდით, უფრო სწორად გვიდგას, მაგრამ უძლურია, მე მაინტერესებს ჩვენი 5 და 10 ხელმოწერა რამეს ნიშნავს, ასე კატეგორიული ტონით? პატრიარქმა მისწერა რუსეთის პატრიარქს და იმისმა წერილმა ვერ გაჭრა და ჩვენ ხელოვანები რას ვაწერთ ხელს, რომ კატეგორიული ტონით მოგთხოვთო? თორემ რას ვიზამთ? ხომ არ ჯობია, რომ ვთხოვოთ, უფრო სხვანაირად მოვიქცეთ, იქ მივიდეთ საოკუპაციო ხაზთან დავდგეთ, ხელოვანი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, თუ უბრალო მოქალაქე და ერთი მდუმარე აქცია გავაკეთოთ. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც რა უნდა ის გააკეთოს, მე შევუერთდები ყველაფერს, რაც ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად გადმოსვენდეს, თავის ოჯახში დასვენდეს და ღირსეულად დაიკრძალოს",- განაცხადა ბიბინეიშვილმა.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, კულტურის ქართველმა მოღვაწეებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს.
"ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.
ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართველ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება",- აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს ასმათ ტყაბლაძე, ნუნუ გაბუნია, თეიმურაზ გვალია, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, მარიკო კვალიაშვილი, ირმა სოხაძე, დავით ოქიტაშვილი და ლია მიქაძე აწერენ.
ნინო რაზმაძე