მამუკა არეშიძე "პრაიმტაიმს" არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დეტალებს უყვება

15:56 03-12-2018
4790

ექსპერტი მამუკა არეშიძე "პრაიმტაიმთან" ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.

ექსპერტის თქმით, ტატუნაშვილი იმის გამო მოკლეს, რომ მას ვიდეოკამერის წინ უნდა ეღიარებინა, თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ დივერსიულ ჯგუფს ქმნიდა, რაც არ გააკეთა და სწორედ ამის გამო მოკლეს.

"რეგიონში ჩემი წყაროები მყავს, რომლებმაც მითხრეს, რომ ტატუნაშვილი დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ყოფილი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის სამხედრო მისიებში და მისთვის უნდა დაებრალებინათ დივერსიული ჯგუფების შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. მთავარი აქ ის იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილს ოკუპანტებისთვის ვიდეოკამერის წინ უნდა მიეცა „ჩვენება" და „ეღიარებინა", თითქოს დივერსიულ ჯგუფს ნამდვილად ქმნიდა", - განაცხადა ექასპერტმა.

მისი თქმით, ტატუნაშვილი ახალგორში აიყვანეს ოსებმა და რუსები იქ არ ყოფილან.

"არჩილ ტატუნაშვილი არის იმ ტიპის გმირი, როგორი გმირობაც გიორგი ანწუხელიძემ ჩაიდინა, ანუ არჩილ ტატუნაშვილი ვერაფრით აიძულეს, კამერის წინ ჩვენება მიეცა და ცემით მოკლეს!" - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა 23 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 22 თებერვალს ახალგორში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს კიბეზე დაგორდა, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს. ოსური მხარის მტკიცებით, არჩილ ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან ორ საათში გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე