რატომ გამოუშვეს ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულები? - მამუკა არეშიძე "პრაიმტაიმს" მიზეზებზე ესაუბრა

16:16 03-12-2018
1576

ექსპერტი მამუკა არეშიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საუკუპაციო რეჟიმმა გუშინ საღამოს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გამოუშვა.

როგორც ექსპერტმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, ამის ერთ-ერთი მიზეზი საერთაშორისო წნეხი აღმოჩნდა. 

"ისეთი აჟიოტაჟი შეიქმნა საერთაშორისო თვალსაზრისითაც კი, რომ უბრალოდ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაედგათ. რადგან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ამ ორი ადამიანის გამოშვება ჩათვალეს უფრო მიზანშეწონილად", - განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა განთავისუფლებულებს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეთ, ექსპერტი აცხადებს, რომ მათ ეს ინფორმაცია აუცილებლად ექნებათ.  

"რასაკვირველია, უბრალოდ მე მესმის მათი, რომ ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა ადგილას იყვნენ და არაფერი იციან, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ახლა მათ მიერ საუბრის ღიად დაწყება, მიზანშეწონილად შეიძლება არ მიაჩნიათ. შეიძლება იმ პირობითაც გამოუშვეს, რომ ხმას არ ამოიღებენ, ყოველშემთხვევაში, საჯაროდ", - განაცხადა ექსპერტმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა გუშინ საღამომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მათ ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევდა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე