კომპანია სითი პარკის პრესსამსახურის უფროსის, ლევან ტაბიძის განცხადებით, სითი პარკისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ მათ მხოლოდ მერის სატელევიზიო გამოსვლით შეიტყვეს.
პირგასამტეხლოს გადახდას კომპანია არ აპირებს, რადგან კომპანიას მიაჩნია, რომ კონტრაქტის ასეთი ფორმით გაწყვეტა მიუღებელია, ამის გამო „სითი პარკი“ თავად მოითხოვს საკომპენსაციო თანხას. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარის მიერ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას.
„მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საასმართლოში მიმდინარეობს ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად წარსულში მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტის საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე. დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარად ხდის მერიის მიზანმიმართულ და არასამართლიან გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს – განაცხადა ლევან ტაბიძემ.
ტაბიძის განცხადებით, სითი პარკი სამართლებრივ ჩარჩოში აპირებს თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში.
„სამწუხაროდ, პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გარკვეული ჯგუფის ინტერესები დადგა კანონზე მაღლა, კომპანია აუცილებლად მიმართავს სასამართლოს” – განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა.
სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, ცნობილი დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა.