"ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა ისევ გრძელდება..." - "თეთრი ხმაურის მოძრაობა"

21:06 03-13-2018
89

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის დაკავებას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადებით ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამგვარი ფაქტების სიმრავლე უკვე ნათლად წარმოაჩენს თუ როგორ მუშაობს მოქმედი ნარკოპოლიტიკა.

"დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა. დააკავეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც გასაღების ბრალდებით პოლიციის თანამშრომელს აკავებენ. ამგვარი ფაქტების სიმრავლე უკვე ნათლად წარმოაჩენს თუ როგორ მუშაობს მოქმედი ნარკოპოლიტიკა. 

წლებია, პოლიციის თანამშრომლები და სისტემის მაღალჩინოსნები თავად არიან ჩართულნი ნარკოტიკულ საშუალებების გასაღებაში, მოგვიანებით კი თავადვე იჭერენ მომხმარებლებს ვისაც სუბსტანციებს ჰყიდიან, აშანტაჟებენ და აიძულებენ თანამშრომლობას. ნულოვანი ტოლერანტობის უმკაცრესი კანონის წინაშე აღმოჩენილ მომხმარებლებს საპროცესო შეთანხმებაზე ვაჭრობით რესურსებს სძალავენ პროკურატურა და ადვოკატები, რომლებიც ხშირად არა ბრალდებულის, არამედ სისტემის დამცველებად გვევლინებიან. დაუცველ, უფულო მოქალაქეებს, მოხმარებული ნარჩენებისთვისაც კი (ცარიელ შპრიცში აღმოჩენილი მიკროგრამები), სასამართლო 5-დან 8 წლამდე, ხოლო საკუთარი მოხმარების დოზის ოდენობით ნივთიერების ფლობისთვის 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით გზავნის ციხეში. 

სწორედ ეს არის წრე, რომლის გარღვევისა და ჩამოშლისთვისაც იბრძვის თეთრი ხმაურის მოძრაობა, მანკიერი წრე რომლის ცვლილებისთვისაც “ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად” მოვამზადეთ და შევიტანეთ მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების მქონე ქვეყნის, პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის მოდელთან მიახლოვებული რეფორმა. კანონპროექტის განხილვას კი პარლამენტი და ხელისუფლება დღემდე არათუ არ ცდილობს, არამედ ხელოვნურად უქმნის ბარიერებს და მუდმივი გადავადებით ინარჩუნებს წინა ხელისუფლების მემკვიდრეობას, ჩაგრული ხალხის წინააღმდეგ შექმნილ კანონებსა და მექანიზმებს. 

სამწუხაროდ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკვე ორი თვეა დამცველებად რელიგიას ამოფარებული ჯგუფები და მათი დამქაში ხელმოცარული პოლიტიკოსები მოევლინენ. ისინი კანონპროექტზე გამუდმებული სიცრუის ტირაჟირებით, თითქოსდა რეფორმა გასაღებასა და გავრცელებას ახალისებდეს, ეწევიან ისედაც გართულებული პროცესის დისკრედიტაციას და მუდმივი დევნისა და პატიმრობისთვის წირავენ იმედჩასახულ ათიათასობით მოქალაქეს, რომლებსაც უკვე 12 წელია ცხოვრებას უნგრევს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკა. მათ უსმენენ და კვერს უკრავენ ხელისუფლებისა და პარლამენტის სამარცხვინო წარმომადგენლებიც. 

დაბოლოს, ცნობისათვის, დღეს გასაღებაზე დაკავებულ პოლიციის თანამშრომელს 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაშინ როცა 1 გრამის ოდენობით მდმა-ს, ამფეტამინის თუ სხვა ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით ფლობა, მოქმედი კანონით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე