"ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ნეგატიური სიცრუე ჩანაცვლდეს პოზიტიური სიმართლით" - იან კელი რუსულ პროპაგანდაზე

16:23 03-14-2018
131
თეგები: იან კელი

საქართველოში ამერიკის ელჩი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის მიზანი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევენის შეცვლაა, თუმცა იან კელი იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოში ეს პრობლემა იმდენად მწვავედ არ დგას, რამდენადაც ბალტიისპირეთსა და უკრაინაში.

ევროატლანტიკური სივრცის ყველა ქვეყანა, და მე ასეთად ვთვლი საქართველოს, ებრძვის საზიანო რუსულ პროპაგანდას, რომელიც მიმართულია ქვეყნის შესუსტებისკენ. აშშ-ში ვართ ამ პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, თუმცა ეს პრობლემა საქართველოში იმდენად მწვავედ არ დგას, როგორც ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, სადაც რუსულად მოსაუბრე მოსახლეობა გაცილებით მეტია. ჩვენ ვართ მუშაობის პროცესში. კონგრესმა გამოყო გარკვეული თანხა პროპაგანდასთან ბრძოლისთვის. დიახ, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ნეგატიური სიცრუე ჩანაცვლდეს პოზიტიური სიმართლით. 

რუსული პროპაგანდის მიზანია, რომ უარი ათქმევინოს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ყველაზე ეფექტური გზა ამის გასანეიტრალებლად არის სტრატეგიული კომუნიკაცია და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ არის სასარგებლო დასავლური ცივილიზაცია.  სწორედ ამიტომ გამოვუყავით გრანტი საქართველოს მთავრობას, რომ არსებობდეს ეს სტრატეგიული კომუნიკაცია, - განაცხადა იან კელიმ, რომელიც ფეისბუქის ლაივ რეჟიმში მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა.