ბიზნესმენ ლევან ვასაძის ლექსების კრებული ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში "საბა" მონაწილეობს. ლექსები 2018 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაშია წარდგენილი.
კონკურის მონაწილეთა სია 14 მარტს გამოქვეყნდა. საუკეთესო პოეტიური კრებულის ნომინაციაში 42 პოეტის კრებულია წარდგენილი, მათ შორის პაატა შამუგიას „დედა ენა“, გიორგი კეკელიძის „წერილები ღმერთს და მამაჩემს“, ეკა კაპანაძის „ფიროსმანი“ და სხვა.
შეგახსენებთ, ლევან ვასაძის კრებული „ლექსები“ 2017 წლის ბოლოს გამოვიდა. კრებული გამომცემლობა „ექსპრესს ბუქსმა“ დაბეჭდა.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა. პრემიის მიზანი გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა.
გამარჯვებულ ავტორებს სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიები გადაეცემათ. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარია.