თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "სითი პარკის" საქმეზე, სასამართლო არ მიმდინარეობს.
ამის შესახებ ხმალაძემ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს თბილისის მერიაში განუცხადა.
"სასამართლო არ მიმდინარეობს. განკარგულება, რომლითაც კომპანიის გაფრთხიელბა მოხდა, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, გაასაჩივრა კომპანიამ სასამართლოში, რომელმაც დღემდე არ მიიღო წარმოებაში სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, დაუდგინეს ხარვეზი. ჩვენ ივიღეთ შეტყობინება, რომ არც გაუქმებულია და არც შეჩერებულია და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკაშირებით, არის სრულად გამართლებული", - განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის მერიამ 13 მარტს განაცხადა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტს 10 აპრილიდან გაწყვეტს. თბილისის მერია და „სითი პარკი“ შესაძლოა ერთმანეთს არბიტრაჟში დაუპირისპირდნენ. კომპანია კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციას ითხოვს. თავის მხრივ, დედაქალქის მერიაში ამბობენ, რომ „სითი პარკმა“ თვითონ დაარღვია კონტრაქტის პირობები და კომპენსაციაც არ ერგება.