გუდაურის საბაგიროზე დაშავებული 4 პაციენტი ღუდუშაურის საავადმყოფოს დღეს, ან ხვალ დატოვებს   

11:37 03-17-2018
142

გუდაურში საბაგიროზე დაშავებული 4 პაციენტი ღუდუშაურის საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებს.ამის შესახებ ღუდუშაურის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის განყოფილების უფროსმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ამჟამად ღუდუშაურის საავადმყოფოში არის 5 პაციენტი, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

”4 მათგანს აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა აქვთ. ალბათ, დღეს, ხვალ ისინი კლინიკას დატოვებენ. ერთი იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში. გუშინ ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადიოდა ამ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ალბათ, რამდენიმე საათში აპარატიდან მოიხსნება. ჩვენ აბსოლუტურად სტაბილურად განვიხილავთ ვითარებას და ვფიქრობთ, რომ გამოსავალი პოზიტიური იქნება," - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, ღუდუშაურის საავადმყოფოში თავდაპირველად სულ 7 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა, რამდენიმემ კლინიკა დატოვა და ამჟამად საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება. 

რაც შეეხება ერთს, რომელიც რეანიმაციაშია, ექიმის განცხადებით, გუშინ ჩატარდა ოპერაცია ხერხემლის სვეტის დაზიანების გამო, ასევე დაზიანებული იყო მხარი და ლავიწი.