დავით სერგეენკო: გუდაურში დაშავებულები სახელმწიფო ზრუნვის გარეშე არ დარჩებიან

13:01 03-17-2018
115

გუდაურში დაშავებულები სახელმწიფო ზრუნვის გარეშე არ დარჩებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუდაურში დაშავებულების მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"პაციენტებზე, რომლებიც გადაუდებელ მდგომარეობაში ხვდებიან, სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს. ამ შემთხვევაში მთის კურორტების კომპანიამ განცხადება გააკეთა, რომ ის მთლიანად უზრუნველყოფს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ისინი არ დარჩებიან სახელმწიფო ზრუნვის გარეშე არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც კომპანიის მხრიდან", - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, გუდაურში ერთ-ერთი საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.