არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს თანამშრომლები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

19:23 03-17-2018
122

არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს თანამშრომლები მათი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ დღეს გამოთქმულ ბრალდებებს ერთობლივი წერილით გამოეხმაურნენ.

ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, სპეციალური წერილით სახალხო დამცველს და პარლამენტს მიმართა და ომბუდსმენს, რომელმაც დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატად წარადგინა, მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა.  

ვეხმაურებით „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიას, რომელშიც მოძრაობა, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

გვსურს ხაზგასმით დავაფიქსიროთ, შემდეგი:

• „სიდას“ ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლები ვგმობთ ყოველგვარი სახის შევიწროებას, მათ შორის სექსუალური ხასიათის. გვჯერა, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება აიმაღლოს ხმა, დაიცვას საკუთარი და სხვისი უფლებები და ხელი შეუწყოს მსგავსი ფაქტებისგამოვლენას და აღმოფხვრას.

• ჩვენს ორგანიზაციაში არსებობს თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე აყვანისა და პროფესიული განვითარების გაწერილი სრულად გამჭვირვალე პოლიტიკა და განხორციელების ეტაპზე ამ პროცესს უძღვება „სიდას“ ადმინისტრაციული გუნდი შესაბამისი მიმართულების მენეჯერებთან ერთად. შესაბამისად, გამორიცხულია ორგანიზაციის რომელიმე კონკრეტულმა თანამშრომელმა, მათ შორის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სექსუალური შევიწროების მოტივით არამართლზომიერად გამოიყენოს საკუთარი თანამდებობა თანამშრომლის აყვანის ეტაპზე.

• ორგანიზაციაში არსებობს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის გაწერილი პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს. ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების მხრიდან არ დაფიქსირებულა შევიწროების არცერთი ქეისი. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თანამშრომლების შევიწროებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, არის სიცრუე.

• აქვე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ქალთა მოძრაობის“ მხრიდან ზვიად დევდარიანის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი წერილის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის წარდგენას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, რაც მიზნად ისახავს საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების და სახალხო დამცველის მხარდაჭერის მქონე, დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი და გამოცდილი წევრის არჩევის გართულებას.

• ჩვენი აზრით, გავრცელებული განცხადებით ჩრდილი ადგება, არა მარტო ზვიად დევდარიანის პროფესიულ საქმიანობას, არამედ „სიდას“ და მისი თანამშრომლების ღირსებას და რეპუტაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ საქმიანობის ქვაკუთხედს უკვე 16 წელია ადამიანის უფლებების დაცვა და სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ჩვენი ორგანიზაცია მაღალი პროფესიული სტანდარტითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის ქვეშ ოპერირებს. ზვიად დევდარიანი კი არის „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არჩეულია ორგანიზაციის გამგეობის მიერ.

# სახელი, გვარი „სიდაში“ მუშაობის წლები

1 შორენა კოჭლამაზაშვილი 2010-დან დღემდე

2 ნინო ჩიტორელიძე 2012-დან დღემდე

3 ნუგზარ არველაძე 2002-დან დღემდე

4 ნინო დემეტრაშვილი 2012-დან დღემდე

5 თორნიკე აბაშიძე 2017-დან დღემდე

6 თეონა კილაძე 2016-დან დღემდე

7 ეთუნა ცოტნიაშვილი 2013-დან დღემდე

8 შორენა მეგრელიშვილი 2017-დან დღემდე

9 ქეთევან ბერაძე 2016-დან დღემდე

10 სალომე ზურაბიშვილი 2015-დან დღემდე

11 ხათუნა მენაბდიშვილი 2016 - 2017

12 რომან ცაბუტაშვილი 2009-დან დღემდე

13 რუსუდან მეტრეველი 2010-დან დღემდე

14 ლიკა კასრაძე 2015-დან დღემდე

15 მალხაზ ირემაძე 2012-დან დღემდე

16 თეკლა ლათიბაშვილი 2017-დან დღემდე

17 ქეთევან ჩიტაშვილი 2017-დან დღემდე

18 დავით თარიმანიშვილი 2009-დან დღემდე

19 ჯუმბერ მარუაშვილი 2012 - 2014

20 დიანა დუნდუა 2013 - 2015

21 რევაზ ბარბაქაძე 2007 - 2017

22 ნინო შოშიაშვილი 2011 - 2014

23 ნატა შარიქაძე 2012 - 2017

24 ციური ბესიაშვილი 2005-დან დღემდე

25 ნაზი ბურდულაძე 2018-დან 

26 მარიკა წიქორიძე 2002 - 2012

27 ანა პაპავა 2017-დან დღემდე, - აღნიშნულია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ქალთა მოძრაობის პოზიციას დაეთანხმა და ბრალდებების ფონზე დევდარიანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატობიდან მოხსნა მიზანშეწონილად მიიჩნია. მანამდე, ზვიად დევდარიანმა თავად განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამ ბრალდებების ფონზე თავისი ანალოგიურ პოზიციაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამაც.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს 14 მარტს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე