ქალთა უფლებადამცველის და ბლოგერის, ირინა ტორონჯაძის თქმით, სექსუალური შევიწროვების ფაქტი თავადაც განუცდია.
როგორც პრაიმტაიმთან საუბარში ბლოგერმა განაცხადა, ამ ფაქტის გამო სამსახურიც დატოვა.
მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ვმუშაობდი ტელეკომპანია იმედში, თუმცა იმედის თანამშრომლის მხრიდან არა. ის ძალიან ცნობილი პროდიუსერია, ვისზეც საუბარი მაქვს. მაშინ ვარჩიე უბრალოდ წამოვსულიყავი და არ შემდგარიყო ის პროექტი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას, - აღნიშნა ტორონჯაძემ.
ტორონჯაძე ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ იმის ძალა, რომ სიმართლე ეთქვა და დაპირისპირებოდა იმ ადამიანს მაშინაც ჰქონდა, თუმცა რადგან თავის დროზე ხმა არ ამოიღო, მიაჩნია, რომ ახლა ამაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ხალხი იფიქრებს, რომ ამას პიარისთვის აკეთებს.
ამ ფაქტის გაჟღერებას ჩემი მხრიდან ახლა პიარს უფრო მიაწერენ. თუმცა მივესალმები იმას, რომ ქალებმა ხმა ამოიღეს, - ასე შეაფასა ტორონჯაძემ უფლებადამცველ ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებული ბრალდებები.