ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას მიუძღვნა დიზაინერმა და მხატვარმა მაკა ნაცვლიშვილმა თავისი სოლო გამოფენა, რომელიც „იარტ გალერეაში“ გაიმართა. ლიკა ქავჟარაძისთვის მაკა ნაცვლიშვილს არაერთი კოსტიუმი აქვს შექმნილი. მათი ნაწილი მსახიობს კინოფილმებშიც ეცვა. მაკა ნაცვლიშვილს ხატვის გაგრძელებისკენ ლიკას გარდაცვალებამ უბიძგა.
მაკა ნაცვლიშვილი:
– შემთხვევით არაფერი ხდება. ჩემი და ლიკას ბოლო შეხვედრა მის გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი კვირის წინ შედგა. ზაზა კოლელიშვილმა ნახატების ჩასასმელად წაგვიყვანა, ლიკას ვარსკვლავის გახსნისთვის ვემზადებოდით. იქ შემხვდა ჩემი ყოფილი ლექტორი, ბატონი ვლადიმერ კანდელაკი. სწორედ მან მირჩია, ნახა რა ჩემი ნახატები, გამოფენა გამეკეთებინა. პოპ-არტის ამგვარი ტექნიკა, ქსოვილით, ტყავით, ნახევრად ძვირფასი ქვებით ჩემ მიერაა აღმოჩენილი... ამ შეხვედრიდან ერთ კვირაში ლიკა უკვე აღარ იყო. ეს დიდი შოკი იყო ლიკას მეგობრებისთვის და ყველა ჩვენგანი თავისებურად ცდილობდა, ეს ტკივილი გამოეხატა. მე ლიკას პორტრეტის ხატვა დავიწყე. ლიკას გარდაცვალებიდან 40 დღეში შევქმენი ეს პორტრეტი. ძალიან მომენატრა და ასე გამოვხატე. მერე ამას მოჰყვა მეორე, მესამე და დაგვირგვინდა გამოფენით. გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე მივხვდი, რომ ეს გამოფენა ლიკას ხსოვნისთვის უნდა მიმეძღვნა.
ლიკა ყაზბეგი:
– მაკა ნაცვლიშვილი დაახლოებით 20 წლის წინათ გავიცანი. ჩვენებას აკეთებდა და მოდელები სჭირდებოდა. მას ისეთი ბეგრაუნდი აქვს, ბევრი დიზაინერი იამაყებდა. დღეს სულ სხვა მაკა გავიცანი. ვიცოდი, ხატავდა, მაგრამ იმან, რაც ამ გამოფენაზე ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. გრაფიკა, ფერწერა, პოპ-არტი. მისი შემოქმედება მრავალწახნაგოვანია, ჰაეროვანია. ყოველთვის მაოცებდა მისი ნიჭის დიაპაზონი.