"წითელი ჯვარი" არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22:00 03-20-2018
161

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ცხედარი ქართულ მხარეს სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით გადაეცა.

„2018 წლის 20 მარტს, ყველა მხარის მოთხოვნის საფუძველზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა,  როგორც ნეიტრალურმა შუამავლმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოასვენა. 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თავიდანვე გამოთქვამდა მზადყოფნას,მონაწილეობა მიეღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში ნეიტრალური შუამავლის რანგში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ერგნეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა.

ოჯახის გადაწყვეტილებით , ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ცხედარი ქართულ მხარეს რამდენიმე წუთის წინ გადაეცა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე