მაკა ჩიჩუა - დღეს ქრომოსომებს კი აღარ ვითვლით, არამედ ვსაუბრობთ დასაქმებაზე

15:24 03-21-2018
74
თეგები: მაკა ჩიჩუა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს დაუნის სინდრომის  ასოციაციის ორგანიზებით გამართული კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც გარშემო ვხედავ. უკვე ძალიან ბევრნი ვართ. ბევრი ადამიანი ჩაერთო და გამოხატა დაინტერესება.

დღეს ქრომოსომებს კი აღარ ვითვლით, არამედ დასაქმებაზე ვსაუბრობთ და ამ ადამიანების სრულ, თანასწორუფლებიან ინტეგრაციაზე დანარჩენ სამყაროსთან და ჩვენთან.

დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ვღელავ, ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოდის, დიდია დაინტერესება. ასეთი მყარი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ უფრო წინ და შევუერთდეთ ცივილურ სამყაროს. ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრია  გაკეთებული და ჩვენც უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თბილისის მერიისა და დაუნის სინდრომის  ასოციაციის წარმომადგენლები.

წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე „რას ვმატებ საზოგადოებას“ სლოგანით აღინიშნება.