აუდიტის დასკვნა: - ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

16:04 03-21-2018
163

მსოფლიოს მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა. ასევე, როგორც მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდარტის დაცვა.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული არასახარბიელო შედეგები უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ რეპუტაციაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა (მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია) და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები (ავტოტრანსპორტის მიერ მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება). განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე წყარო, ვინაიდან: საავტომობილო გაფრქვევები შეადგენს მთლიანი გაფრქვევების 71% 1 -ს და ამავდროულად ქვეყანაში არსებული ასს-ების 37% (შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი) თავმოყრილია თბილისში; ამასთანავე დედაქალაქში, როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ასს-ების რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქმიანობას თბილისში ეწევა და მათი საქმიანობაც ძირთადად წარიმართება ავტომობილის ექსპლოატაციით. აუდიტის ყურადღება გამახვილებულია სწორედ დედაქალაქში ასს-ების გამონაბოლქვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებაზე. ქვეყანაში არსებული ატმოსფერული ჰაერის დაცვაზე მიმართული ღონისძიებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ: › 2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ აქვს გავლილი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების 76%-ს, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალია - 2016 წელს დაჯარიმებულია მხოლოდ 13.6%;

სახელმწიფო აუდიტის სამსახური | ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში

 წყარო: 

 

 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე