ცოტა ხნის წინ თბილისში ამირეჯიბის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცეცლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარ სახლთან მოკლულია ბარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე.
კახიძე შპს „ვარკეთილი96“-ის 15 პროცენტიანი წილის მფლობელი გახლდათ. მასთან ერთად აღნიშნულ კომპანიაში წილებს ინაწილებენ: გურამ ქაცანაშვილი 20%, იათამზე ქავთარაძე 5%, თემური პირველი 30%, პაატა ნუცუბიძე 7.5%, ნესტან თოდუა 5%, გენრიხ ხერგიანი 2.5% და მზევინარ ხერგიანი 15%.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანიის ერთ-ერთი მეწილა ნესტან თოდუა მოქალაქე პაატა ფრუიძის სასარგებლოდ წილის დათმობას აპირებდა, თუმცა რეესტრმა აღნიშნული ცვლილება სხვა პარტნიორების თანხმობის არ არსებობის გამო, არ დაარეგისტრირა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება 15 მარტით არის დათარიღებული, სადაც ვკითხულობთ:
„მითითებული დოკუმენტი შეიცავს ურთიერთშეუსაბამო მონაცემებს გარიგების სახესთან დაკავშირებით. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ვალის სანაცვლოდ ხდება წილის დათმობა, თუმცა წარმოდგენილია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მხარეებიც არიან „გამყიდველი“ და „მყიდველი“.
შესაბამისად, წარმოსადგენია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული, კორექტირებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ხელშეკრულება).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.
მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი შპს „ვარკეთილი-96“-ის ყველა პარტნიორის სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი შპს „ვარკეთილი-96“-ის კაპიტალში ნესტან თოდუას კუთვნილი 5%-იანი წილის ვლადიმერ ფრუიძის სასარგებლოდ გასხვისებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.
რამდენად უკავშირდება ნუგზარ კახიძის მკვლელობა მის ბიზნეს საქმიანობას? ამ ეტაპზე ეს გამოძიებისთვისაც უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიაში წილების გადანაწილების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა.