"მერიის პოზიციაა, რომ ყველა გმირის სახელი უნდა იყოს დაფასებული..." - მაია ბითაძე მოქალაქეების მანიფესტზე

12:15 03-22-2018
319

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, მერიის პოზიციაა, რომ ყველა გმირის სახელი იყოს დაფასებული.

ამის შესახებ ბითაძემ მოქალაქეების ინიციატივასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ზოგადად, მერიის პოზიციაა, რომ ყველა გმირის სახელი უნდა იყოს დაფასებული. სამწუხაროდ, გარდა ტატუნაშვილისა, გვყავს სხვა გმირებიც, მათ შორის, ანწუხელიძე. ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, თუ როგორ ხდება ქუჩების სახელდება იმ გმრიების საპატივსაცემოდ, რომლებიც სამწუხაროდ, არასაომარი მდგოამრეობის დროს დაუღუპნენ", - განაცხადა ბითაძემ.

Manifest.ge-ზე პეტიცია გავრცელდა, რომლითაც მოქალაქეები თბილისის მერიისგან ითხოვენ, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას.

“მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის”, – ნათქვამია Manifest.ge-ზე განთავსებულ პეტიციაში, რომელსაც უკვე ბევრი ხელმომწერი ჰყავს.

ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე