2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, „პრაიმტაიმის“ დამფუძნებლისა და გამომცემლის თამარ ფხაკაძის ინიციატივით, გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ 2009 წლიდან დაიწყო ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შესახებ სპეციალური ისტორიების მომზადება. წერილების ეს ციკლი რუბრიკა „გმირში“ იბეჭდებოდა.
როგორ მოუვიდა წიგნის გამოცემის იდეა, თამარ ფხაკაძემ ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემაში "დიალოგი ლუბა ელიაშვილთან ერთად" ისაუბრა.
"ეს იყო ჩემი იდეა, რომლის შესრულებაშიც მთელი რედაქცია იყო ჩართული. იდეა გამიჩნდა ლონდონში, როდესაც ვკითხულობდი ერთ-ერთ გაზეთს, გადავშალე და მომხვდა თვალში - დიდი ასოებით "HERO" ეწერა, მისიებში დაღუპულების ისტორიებით. იმ წუთში ვიფიქრე, რომ ჩემი გაზეთის ერთ გვერდს აუცილებლად დავუთმობდი ჩვენს ავღანეთში და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და ეს იქნებოდა გაზეთის ყოველ ნომერში. ჩვენი ისტორია გმირებს კრებით სახელებით იცნობს, მაგალითად როგორიცაა "ცხრა ძმა ხერხეულიძე", "სამასი არაგველი", ვთვლი, რომ ამ ბიჭების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. ასე გამოდიოდა ყოველ ორშაბათს გმირების ისტორია. ეს არის ისტორიები, რომელიც არის ყველაფრისგან დაცლილი, გარდა ადამიანური დეტალებისა. ჩვენ გვაქვს საქმე უნიკალურ რამესთან, ესენი იყვნენ 18-19-წლის ბიჭები, რომლებიც ასე გადაეფარნენ ჩვენს ქვეყანას მთელი თავისი სიცოცხლით", - აღნიშნა თამარ ფხაკაძემ.
მისი თქმით, როდესაც ეს გამოცემები გაზეთში დასრულდა, გადაწყვიტა, რომ საუკეთესო იქნებოდა ეს ისტორიები წიგნში ყოფილიყო თავმოყრილი.
"სულ მაქვს ხოლმე აგვისტოდან აგვისტომდე განცდა, რომ ეს ბოლოა და მეტი აღარ იქნება გმირი, მაგრამ არ მთავრდება იმიტომ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. არ გვეშვება რუსეთი. ტატუნაშვილის ისტორიას, ალბათ, 8 აგვისტოსთვის მოვასწრებთ. უკვე ორშაბათის ნომერში გამოვა მისი ისტორია დიდი სათაურით "გმირი". ვფიქრობ, მართლა ყველამ უნდა იცოდეს მათი ისტორია", - განაცხადა თამარ ფხაკაძემ.