გმირი – არჩილ ტატუნაშვილი- „გვაპატიე, ძმაო, ზვიადაურივით მარტო რომ დაგტოვეთ პირისპირ აურაცხელ მტერთან“

10:00 03-26-2018
1639

ავტორი: სესე კოპალეიშვილი

 

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა

თვალცრემლიანი მშობელი დედა

ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს

რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება...

ამბობენ, რომ ქსნის ხეობაში ყველაზე საუკეთესო მებრძოლებს სოფელ ყანჩავეთში ზრდიანო... არჩილ ტატუნაშვილიც ყანჩავეთში გაიზარდა, სკოლაც აქ დაამთავრა. სამხედრო კარიერა მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა და ეს ოცნება აიხდინა კიდეც. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. 2008 წლის იანვარში ერაყში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა და საქართველოში ქვედანაყოფთან (I ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში) ერთად 11 აგვისტოს დაბრუნდა. 

2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოკუპანტების ტყვეობაში, თავის მეგობრებთან ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილი ერთად აღმოჩნდებოდა და სიცოცხლეს იქვე დაასრულებდა. ის უკანონო დაკავებიდან მეორე დღეს, 23 თებერვალს ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. 35 წლის ასაკში ის საოკუპაციო რეჟიმმა სიცოცხლეს გამოასალმა, თუმცა მისი გატეხა ვერ მოახერხა. 

ცხედარი თითქმის ერთი თვე ოკუპანტების ტყვეობაში იყო, თუმცა სხეულზე წამების კვალის წაშლა მაინც ვერ შეძლეს. დატეხილი თითები, დახვრეტილი ბეჭები და თითქმის სრულიად დაზიანებული სხეული – ასეთ მდგომარეობაში მიაბარეს ძმათა სასაფლაოს ქართველი გმირის ცხედარი.

„გულზე დაიფინე დროშა და ზედ არ შედექი, შვილო... ჩემო ვაჟკაცო ბიჭო... თქვი, რომ ეს ოსეთიაო, – გეუბნებოდნენ, მაგრამ არა, ეს საქართველოაო, ოსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნებაო, – გითქვამს. იმიტომ დაგიმტვრიეს, იმიტომ დაგილურსმნეს ეგ თითები, შვილო“, – ამ სიტყვებით დაიტირა დედამ აჩიკო.

არჩილ ტატუნაშვილმა  გმირულად გაუძლო ოკუპანტების ბოროტებას, ძალადობას, დაუნდობლობას და ბოლოს სიკვდილსაც გმირულად შეხვდა. არჩილს სწორედ ეს უნდოდა... თითქოს ასეთ სიკვდილს ნატრობდა კიდეც... ვალმოხდილი შეუერთდა ქართველთა ზეციურ მხედრობას.

არჩილის თანამებრძოლი და მეგობარი, ლევან შერმადინი ყველას სათქმელს ამბობს. და აი, როგორ ემშვიდობება ის მეგობარს:

„გვაპატიე, ძმაო, ზვიადაურივით მარტო რომ დაგტოვეთ პირისპირ აურაცხელ მტერთან, ოც კაცზე მეტი ურტყამდაო თქვენს გმირსო, გადმოგვცეს შენი გულადობით გაკვირვებულებმა ქალაქ ცხინვალიდან. ვინ იცის, როგორ გიჭირდა, მაგრამ შენ ხომ არასდროს დაგიკვნესია, არასდროს დაგიწუწუნია, არასდროს დაგიხევია უკან. მუდამ საუკეთესო იყავი ბრძოლის წინა ხაზზე თუ ყოველდღიურ ყოფაში, ყველას შენი იმედი ჰქონდა, ყველასთვის გყოფნიდა სითბო და ენერგია. გაქვავებულმა ბებიაშენმა მხოლოდ ერთი სიტყვით დაგიტირა: „აჩიკო, შვილო, ვინ მოგერიაო“... მძიმე ჟამს ამაზე მეტი გმირობა რა გინდა მანდილოსნისგან, რომ გაიგო. მადლობა, აჩი, შენს სოფელს, შენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს, შენი სახით ასეთი ლომი, რომ გაუზარდეს სამშობლოს... როგორ მინდა, შენი დაღვრილი სისხლი ოკუპირებულ საქართველოში ბოლო იყოს...

გვაპატიე, რომ ჩვენი გაუბედურებული ცხოვრებისა თუ ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გამო ვერ დაგაფასეთ, ვერ მოგიფრთხილდით, სათანადოდ ვერ მოგიარეთ. ბოლოს როდესაც გნახე, გითხარი: „რად გინდა, რომ რისკავ, რამე შარში არ გაეხვე-მეთქი და შენ მიპასუხე: ნეტა რამე მითხრანო, ისე მიპასუხე, გულში სიამაყისგან ცრემლები ჩამეღვარა. ვიცი, ძმაო, რომ შენც ეგ გინდოდა, ეგეთ სიკვდილს ნატრობდი, გმირულად დაგეტოვებინა შენი ქვეყანა, რომლის გამოც ყველას დაუპირისპირდებოდი, შენი ბოლოც ეს იყო, სამშობლოს თავი შეაკალი გმირულად. ალალი იქნება შენს გულზე დაყრილი მიწა. გჯეროდეს, შენი მეგობრები უკანასკნელ ამოქშენამდე, სანამ ბოლო წვეთი გვიდუღს ძარღვში, ვიბრძოლებთ საქართველოს გაერთიანებისთვის. შენ სიცოცხლეში გმირი იყავი და სიკვდილიც გმირული გერგო –  ახლა ჩვენი ჯერია!“

ახლობლებისთვის აჩიკო, ან უბრალოდ აჩი... მას ყველა ყურადღებიან და გულისხმიერ ადამიანად ახასიათებს... სოფელში მისი ბევრი სიკეთე ახსოვთ. 

 „ძალიან კარგი ადამიანი იყო, მეგობრული, მამაცი... ჩვენ  ვძმაკაცობდით, ჯარშიც ერთად ვმსახურობდით. მერე აჩიკო ერაყში იყო მივლინებით, წარმატებით დაამთავრა მისია. საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო“, –   ასე ახასიათებს არჩილს მისი მეგობარი ჯულხა ჯაბაური. 

 „აჩიკო ძალიან თბილი და კარგი ადამიანი იყო... ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, უყვარდა მისი ოჯახი და ქვეყანა“, – ამბობს ტატუნაშვილების ოჯახის ნათესავი ნათია ედიშერაშვილი.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადმოსცეს... 26-დღიანი ლოდინის შემდეგ. ეს ის უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც ოჯახს დატირების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. ცხედრის დატყვევების მიზეზად ოკუპანტები „სიღრმისეული ექსპერტიზის“ ჩატარებას ასახელებდნენ. რეალურად კი საოკუპაციო რეჟიმი წამების კვალის წაშლას ცდილობდა. ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა.

არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები სხეული 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მიაბარეს. იქ, სადაც ქართველი გმირების განსასვენებელია.  მანამდე კი 35 წლის ქართველი გმირის ხსოვნას პატივი მიაგო უამრავმა ადამიანმა. ტატუნაშვილების ოჯახს მიუსამძიმრეს ნაცნობებმა და სრულიად უცნობმა ადამიანებმა, სპორტსმენებმა, მსახიობებმა, პოლიტიკოსებმა, სასულიერო პირებმა... წილკანში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც. 

„ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს არის მთელი ჩვენი ერისა და ქვეყნის ტრაგედია“, – ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

დაბოლოს... დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა გარდაცვლილის ჯიბეში იპოვეს ქაღალდის ნაგლეჯი. აჩიკო, როგორც ჩანს, მას დიდი ხანი გულით ატარებდა. ეს ლექსი, სავარაუდოდ, საერთაშორისო მისიის შესრულების დროს არის დაწერილი.

 

სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულზე

წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება

ჩამორეცხილი სისხლის წვეთები

ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება

 

ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა

და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით

ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე

სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით

 

თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა

ახალგორს მაინც არავის მივცემთ

დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად

რადგან მომავალს ერთობა მივცეთ

 

გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს

გადაეკვრება როდესაც ბინდი

ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს

დარჩება გვამი, უცნობი ბევრის

 

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა

თვალცრემლიანი მშობელი დედა

ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს

რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება...