თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიას ფეხითმოსიარულეებისათვის რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი.
როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხით მოსიარულეებისთვის პრობლემას სიაგრეტის ჯიხურები და ზოგიერთი მოსაცდელის არასწორი განლაგება უქმნის.
"ჩვენ 200-მდე ასეთი ადგილის იდენტიფიცირება გავაკეთეთ, სადაც არა მხოლოდ ჯიხურები, არამედ სხვა მცირე ინფრასტრუქტურა, რომელიც გზის მიმდებარედ ან ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ადგილებშია განთავსებული, აფერხებს საგზაო მოძრაობას, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას. მიმდინარეობს ინდივიდუალურად ხელშეკრულებების გადახედვა და მოლაპარაკებები მფლობელებთან, დროებით მოსარგებლეებთან, სადაც ხელშეკრულება ძალაშია, რომ ლოკაციები ისე შეიცვალოს, საგზაო მოძრაობას და ფეხით მოსიარულეებს პრობლემა არ შეექმნათ. სამწუხაროდ, არსებობს გაჩერებები ტროტუარებზე, სადაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების საშუალება ფაქტობრივად, არ აქვთ. ასეთი ადგილების იდენტიფიცირება მოხდა და გაჩერებები გადაეწყობა იმდაგვარად, რომ პრობლემა არ შეიქმნას. ასეთივე მიდგომაა მშენებლობებთან მიმართებითაც, სადაც სამშენებლო არეალები პირდაპირ ქუჩაზე გამოდიან. ზედამხედველობის სამსახურისგან მიეცათ მითითება ამ ობიექტებს, რომ ინტენსიურად მოხდეს დროებითი ფეხით მოსიარულეთა გვირაბების მოწყობა“, - განაცხადა ბითაძემ.