პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება - გააძევოს ქვეყნიდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი, უადგილო გადაწყვეტილებაა.
ამის შესახებ საყვარელიძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა.
"ცოტა ღიმილისმომგვრელი გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით, უბრალოდ გაუგებარი გადაწყვეტილებაა. გამოდის, რომ ჩვენ მიზნათ ვისახავთ იმას, რომ ავყვეთ სხვებს, თორემ საელჩო ჩვენ არ გვაქვს და დიპლომატებს ვუშვებთ - რა ლოგიკაა?! საქართველოში არ არიან დიპლომატები, მისია არ არის რუსეთის. ისინი მუშაობენ შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში. შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში მომუშავე დიპლომატი შვეიცარიას ემორჩილება და ვის ვაძევებთ?! შვეიცარიას რომ მოსთხოვო ძალიან პრინციპულად, ალბათ გაუშვებს, იმას რა ენაღვლება, მაგრამ თავისთავად, ისე ხომ არ არის, რომ კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო. საქართველომ თავის პოზიცია უკვე ცხადი გახადა იმით, რომ საერთოდ დახურა საელჩო. ამისთვის, მოდით აღვადგინოთ საელჩო და მერე გავაუქმოთ ხელახლა.
კითხვაზე, როგორი იქნება რუსეთის პასუხი ამაზე, საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ის აგრესიული იყოს.
"რუსეთს პარლამენტის რეზოლუციაზეც აგრესიული პასუხი ჰქონდა. ამაზე ბუნებრივია, აგრესიული ჰქონდეს. რატომ უნდა ჰქონდეს კეთილგანწყობილი?! ანალოგიური დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში აქვთ და ალბათ იქიდან დაიწყებენ გამოყრას. შედეგი ის იქნება, რომ მოქალაქეები დაზიანდებიან, ვისაც ვიზის მიღება უნდათ. თუ დააკვირდებით, რუსეთიდან განდევნილი საელჩოები ბოლომდე განდევნილი არ არის. ამ ტიპის მოქალაქეებისთვის საჭირო ფუნქციების შესრულება საელჩომ უნდა შეძლოს. ის კი არა, ელჩიც არ არის გაშვებული ამ ქვეყნებიდან. ჩვენ კიდევ ვუშებთ რუსეთის იმ წარმოამდგენლებს, რომლის გაშვებითაც დაზიანდებიან საქართველოს მოქალაქეები და ალბათ რუსეთის მოქალაქეებიც", - განაცხადა საყვარელიძემ.
რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.