"ნამდვილად არ არის მისაღები..." - დეპუტატი რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით

17:23 03-29-2018
531

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება, არათანმიმდევრული და გაურკვეველი პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც საქართველო რუსეთის მიმართ ატარებს.

ამის შესახებ დეპუტატმა "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრის წერილის შემდეგაა გაუგებარი.

"ესეიგი შევუერთდით ე.წ. ცივილიზებული სამყაროს მოქმედებებს ხომ?! მერე რამდენად სასარგებლოა ეს ჩვენი ქვეყნისთვის? ამაზე უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში და არა იმაზე, რომ ფორმალურად გავხდეთ ცივილიზებული ქვეყნების წევრი. ნამდვილად არ არის მისაღები, მითუმეტეს, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადების ფონზე. არათანმიმდევრულ, გაურკვეველ პოლიტიკას ვატარებთ. სამშვიდობო პროცესი ვითომ დავაანონსეთ და ამას რატომ ვაკეთებთ, გაუგებარია", - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, რა პასუხი შეიძლება ამ ქმედებას გასცეს რუსეთმა, მარშანია ვერ აკონკრეტებს.

"ყველანაირ პასუხს, არ ვიცი. გვავიწყდება, რომ რუსეთს ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ჩვენ. არაფერი კარგი რომ არ გველის, ეგ ვიცი", - განაცხადა მარშანიამ.

რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე