სიტროენ ჯორჯიასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ 2 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ სიტროენ ჯორჯიას დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ პრაიმტაიმთან საუბრისას განაცხადა.
სიტროენ ჯორჯიამ 2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
„სიტროენ ჯორჯიასს განცხადებით აუდიოჩანაწერები არსებობს, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მათი კომპანიისთვის მიცემა არ სურთ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით კი აუდიო ჩანაწერი არ არსებობს. სხდომის ოქმი კი ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. „სიტროენ ჯორჯიას“ კი, არ გამოუთხოვია სხდომის ოქმები შენიშვნის შეტანის მიზნით, თუკი ასეთი გააჩნდა.
კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელის გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათ მიმართეს შესყიდვების სააგენტოს აღნიშნულ საკითხზე დავების საბჭოში გამართული განხილვების აუდიოჩანაწერების მიწოდების თხოვნით, რაზეც უარი მიიღეს - შესყიდვების სააგენტომ მხოლოდ წერილობითი ოქმის გაცემის მზადყოფნა გამოთქვა. შარაშენიძის ინფორმაციით, „სიტროენ ჯორჯიას“ შუამდგომლობა აუდიოჩანაწერების გადმოცემასთან დაკავშირებით 24 მარტს უკვე სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შესყიდვების სააგენტომ კვლავ უარი თქვა აუდიოჩანაწერების გადმოცემაზე.
კონკრეტულ საკითხზე პრაიმტაიმი ესაუბრა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს ყოფილ წევრ, უფლებადამცველ მამუკა ტუსკაძეს. ტუსკაძის თქმით აუდიოჩანაწერები არსებობს და თუ არ არსებობს, ან წაშლილია, ან ადმინისტრაციული დარღვევა აქვთ:
სავარაუდოდ არააქვთ ახლა შენახული, ან წაშალეს. ვადასტურებ, რომ მიმდინარეობს აუდიოჩაწერა, ვადასტურებ 99-ე მუხლის მეხუთე პუნქტით, რომ შეუძლია მოითხოვოს ეს ყველაფერი, მოთხოვნილიც აქვს და დაუკმაყოფილდა კიდეც ეს მოთხოვნა. თუ არ აწარმოებენ აუდიოს, ეს ადმინისტრაციული დარღვევაა, თუმცა იტყუებიან და აქვთ ეს ჩანაწერი. წელიწადი ვიყავი ამ საბჭოს წევრი და ზუსტად ასეთი რარაცეების გამო გადავდექი - განუცხადა უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ პრაიმტაიმს.