"ბახალას" სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება

17:41 03-30-2018
1786

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი დააკავეს, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულებრივ ჯგუფში ფიგურირებს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი.

ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის, - განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 იანვარს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის ა პუნქტით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თუმცა, ბახალა პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, რის გამოც მთავარ პროკურატურაში პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე