მარინა ბერიძე: „აცრა მაქვს გაკეთებული, ასე მარტივად გულს ვერ მატკენს ვერავინ...“ - exclusive

17:44 03-31-2018
804

თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი საქართველოს ამ ქალაქებში „რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური კონკურსი სამი გადაცემის განმავლობაში გვამოგზაურებს. „მხოლოდ ქართულის“ მთავარი რეჟისორი, ნიკა ლომიძე ამბობს, რომ სამ გადაცემაში ამხელა მასალის ჩატევა იოლი არ იყო, მაგრამ ლაივ კონცერტების დაწყებას ჩქარობს. 2 აპრილს „რუსთავი 2“-ზე ხალი მეგაშოუ დაიწყება. „პრაიმტაიმთან“ პროექტზე მარინა ბერიძე საუბრობს.

მარინა ბერიძე:

– ძალიან ბევრ ადამიანს მოვუსმინეთ – მომღერალს, დამწყებს, დილეტანტს. რთული გზა გავიარეთ, მაგრამ მაინც შევჯერდით იმაზე, რომ მთავარი იყო ინდივიდუალიზმი, მართალი სიტყვა გვეპოვა. არ ვიცი, ვინ რას ელოდება, მაგრამ მე პირველი დღიდან, როგორც კი კონკურსის შესახებ გახდა ცნობილი, ვთქვი, რომ ვიქნები ახალგაზრდების მხარეს. მე პირადად სულ ვეძებ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან გულწრფელები ავლენ დიდ სცენაზე. მერე ან ჩაეჭიდებიან ამ სცენას, ან – არა. ეს არის ცხოვრება. ძალიან ბევრი საინტერესო, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ვნახეთ. კონკურსი მაინც გამართლებაა. თუკი მომღერალს თვისი გარკვეული შტამპი აქვს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონკურსის გარეშე დაიპყროს სცენა. კონკურსი სჭირდება იმას, ვინც ახლა იწყებს. ამიტომ ბევრი სირთულე იყო, ძალიან ბევრი. ჩემთვის მთავარი ამბავი ის იყო, რომ ქართველ ერს უყვარს თავისი ქვეყნის სიმღერა. ჩემთვის გიორგი ცაბაძეც ქართულია, ნინო ქათამაძეც, ნიაზ დიასამაძეც, „მწვანე ოთახიც“, „სახეც“ და ა. შ.

– ბევრი განაწყენებული კონკურსანტი დარჩა პროექტსმიღმა. კრიტიკასაც ელოდებით, ალბათ...

– ეს ყველა კონკურსს თან სდევს. მე ყველაფერს ველოდები, უბრალოდ, მაკვირვებს, როცა გონიერება არ მოჰყვება კრიტიკას. არგუმენტს ვიღებ ყველანაირს. საერთო აცრა მაქვს გაკეთებული, ასე მარტივად გულს ვერ მატკენს ვერავინ... თუ ერთი მაინც გამოვიდა კონკურსიდან ისეთი, რომელიც ახალ ენერგიასა და ახალ სიტყვას მოიტანს, ის კონკურსი გამართლებულია და ფეხსაც მოიკიდებს სატელევიზიო ბაზარზე.

– რეპერტუარის გამო დაგიწუნებიათ კონკურსანტი?

– როგორ არა. ძალიან მნიშვნელოვანია შემსრულებლის გემოვნება. როცა 18 წლის ბიჭს მერყევი გემოვნება აქვს, მისი შველა შეიძლება და ვალდებულიც ხარ, უშველო. მაგრამ 39 წლისას ვეღარაფერს უზამ.

– ყველაზე უცნაური სიმღერა, რომელიც ამ კონკურსზე მოისმინეთ, რომელი იყო?

– როგორ გითხრათ, მოდიოდნენ, გაუგებარ გვარ-სახელებს ამბობდნენ. არც ის კომპოზიტორი ვიცი და არც ის სიმღერა. მერე მეუბნებოდნენ, რომ ამ სიმღერას „იუთუბიზე“ 5 მილიონი ნახვა აქვს. ვერ მივხვდი. არ ვიცი, მე „იუთუბიზე“ სხვა რაღაცებს ვეძებ, ზოგადად. ნახვები დღეს უცნაურ ადამიანებსაც აქვთ. მე პირადად მინდა, რომ ამ პროექტით ახალი სახე გამოჩნდეს, რომელიც 21-ე საუკუნის სახე იქნება.

– უკვე შერჩეულია მთავარი ათეული?

– ჯერ ამის გამხელის უფლება არ მაქვს. დაგველოდეთ, გვიყურეთ, შეგვაფასეთ. შეფასება ჩემთვის ადგილის დამკვიდრებაა სცენაზე. ხალხი არ ტყუვდება. ან იყვარებს, ან არ იყვარებს. გემოვნებაზეც დაობენ.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი