საქართველოში სიკვდილიც გაძვირდა - რა ჯდება სარიტუალო მომსახურება და ქელეხის სუფრა?

10:44 04-02-2018
1523

ავტორი: სესე კოპალეიშვილი

საქართველოში სიკვდილიც რომ ნამდვილად გაძვირდა, ამას ჩვენ მიერ გადამოწმებული ციფრებიც მოწმობს... წინა წლებთან შედარებით, დაკრძალვის ხარჯები საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენ დავინტერესდით, რა ღირს სიკვდილი და რა თანხაა საჭირო მხოლოდ დაკრძალვის ხარჯების გასასტუმრებლად?

„პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა, გაერკვია, რა გზის გავლა უწევს ჭირისუფალს მიცვალებულის დასაკრძალად. ფაქტია, რომ ოჯახის წევრის დაკარგვა, მორალურის გარდა, ბევრისთვის მძიმე ფინანსური დარტყმაცაა.

თბილისში დაკრძალვის რამდენიმე სერვისია,  „პრაიმტაიმი“ კომპანია „ჰერმესს“ დაუკავშირდა და შეეცადა, სარიტუალო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დაეზუსტებინა. ჩვენ დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რა პროცედურები უნდა გაიაროს ჭირისუფალმა საყვარელი ადამიანის  დასაკრძალად.

პირველ რიგში, გარდაცვალების დასაფიქსირებლად ადგილზე ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას, რომლის მიერ გაცემული ცნობით იუსტიციის სახლში ვიღებთ გარდაცვალების მოწმობას. ამის შემდეგ გლოვის პარალელურად იწყება საორგანიზაციო საკითხების მოგვარება...

ცხადია, პირველ რიგში, გვჭირდება სასახლე, რომლის ფასიც 250 ლარიდან იწყება და 10 000 ლარამდეც კი აღწევს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჭირისუფალს VIP დაკრძალვა აქვს გადაწყვეტილი. სასახლის ფასი მის ხარისხზე, ვიზუალსა და მასალაზეა დამოკიდებული, თუმცა, ალბათ, მიცვალებულისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს გაძლებს მიწის სიღრმეში მისი სამუდამო განსასვენებელი. ცხადია, სასახლე სუდარის გარეშე წარმოუდგენელია, ყველაზე იაფფასიანი სუდარა 25 ლარი ღირს. ჩასასვენებელი მაცივრის დაქირავება ჭირისუფალს 250 ლარი დაუჯდება. ბალზამირების ფასი კი დაახლოებით 80 ლარია. კატაფალკის მომსახურება 80 ლარი ჯდება. ქრისტიანული წესით, სასულიერო პირის მომსახურების თანხა, როგორც წესი, ნებაყოფლობითია, თუმცა მინიმუმ 50 ლარის გადახდა მაინც მოგიწევთ.  ჭირისუფალმა უნდა იზრუნოს სასაფლაოზეც, მიწის ნაკვეთის ფასი მის ადგილმდებარეობასა და მოცულობაზეა დამოკიდებული, ყველაზე მინიმალური ხარჯი, ამ მხრივ, 250 ლარია. ამას თუ დავუმატებთ საფლავის გათხრას და უშუალოდ დამარხვის მომსახურებას, ეს თანხა მინიმუმ 300 ლარამდე გაიზრდება. 

ქართული ტრადიციისამებრ, დაკრძალვა ქელეხის გარეშე წარმოუდგენელია, ჭირისუფალი იწყებს ფიქრს, სად შეიძლება გაკეთდეს ქელეხის სუფრა, მისაღებ ფასად. მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევანს სარიტუალო დარბაზებზე აკეთებს. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ჯდება 150-კაციანი ქელეხის სუფრა. 

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ოპტიმალური ფასი თითო კაცზე 17/19 ლარია, მენეჯერმა მენიუც გაგვაცნო:  პური, მჭადი, მჟავის ასორტი, კიტრი-პამიდორი, ორაგული ქინძმარში, ლობიო, ოსტრი, ხაშლამა, ახალი კარტოფილი, ტკბილი ფლავი, ცხვრის ხორცი. ფასში არ შედის ღვინო და კოლიო. მოგეხსენებათ, რომ ქელეხში ღვინო საკმაოდ სოლიდური რაოდენობით არის საჭირო. 150 კაცზე   ჭირისუფალს დაახლოებით 350 ლარი დასჭირდება ღვინის შესაძენად. ჯამში, 150-კაციანი საშუალო დონის ქელეხი 2 700 ლარი ჯდება, ამას პლუს ღვინის 350 ლარი, რაც, ჯამში, 3 000 ლარს აჭარბებს.

მიცვალებულს სჭირდება საფლავის ქვაც... ყველაზე მინიმალისტური გადაწყვეტით, ეს 200 ლარი მაინც დაგიჯდებათ. 

ყოველივე აქედან გამომდინარე კი, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ბოლო წლებში სიკვდილის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. საშუალოდ თქვენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილება 4 200 ლარზე მეტი დაგიჯდებათ.