ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ბრიტანეთის ქეისი, „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა. ამ საკითხებზე „პრაიმტაიმს“ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესაუბრა:
– ოთხოზორია, ტატუნაშვილი, რამდენიმე დღის წინ კიდევ ორი კაცის გატაცება... ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი კვლავაც ცდილობს თბილისის პროვოცირებას, მის კონფლიქტში ჩართვას?
– ყველა ის პროვოკაცია, რაც ხდება 2008 წლიდან, გამიზნულია იმისკენ, რომ არსებობდეს დაძაბულობის ფონი და ნებისმიერი პროვოკაციის დროს არსებობდეს გარკვეული ესკალაციის საფრთხე, ამიტომ საქართველოს მთავრობა და (მთლიანად ჩვენი) საზოგადოება მიმართულია იქითკენ, რომ, ერთი მხრივ, თითოეულ ფაქტზე იყოს შესაბამისი რეაგირება, მეორე მხრივ, გაკეთდეს ყველაფერი ამ ფაქტებისა და მსგავსი ქმედებების პრევენციისთვის და არ მოხდეს ჩვენი ჩათრევა რაიმე ტიპის პროვოკაციაში ან დაძაბულობაში – ეს არის ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის პირველი და უმთავრესი ამოცანა, რადგანაც მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ამავდროულად, მშვიდობა და სტაბილურობა არანაირად არ ნიშნავს არსებული მძიმე ვითარების სტაბილიზაციას, პირიქით, აუცილებელია, გამოსავლის მოძებნა და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ ნაბიჯების გადადგმა.
– მაინც რას ემსახურება ასეთი ქმედებები? შეიძლება ეს ჩაითვალოს ზეწოლად იმისთვის, რომ თბილისი, ბოლოს და ბოლოს, დასთანხმდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას?
– საქართველოს აღებული აქვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივად და იურიდიულად გამყარებული ვალდებულება, ცალსახად გაცხადებული აქვს სამშვიდობო პოლიტიკა. ერთადერთი მხარე, რომელსაც ასეთი ვალდებულება არ გაუმყარებია საპასუხოდ, ეს არის რუსეთი, და რაც მთავარია, არ არის შესრულებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მის მიერ აღებული ბევრი ვალდებულება, იგივე, მაგალითად, ჯარების გაყვანის ან უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების შემდგომ.
ამიტომ, ეს დიდი ტრაგედია, რომელიც მოხდა ტატუნაშვილთან დაკავშირებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, დისკრიმინაცია – ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანები, მათი სიცოცხლე, თავისუფლება, უსაფრთხოება და უფლებები, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, არაფერს ნიშნავს.
ეს რეჟიმი და პოლიტიკა მთლიანად მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ და, როგორც ჩანს, ამოცანა არის ის, რომ გამყოფი ხაზები იყოს რაც შეიძლება ფართო; რომ კონფლიქტი არსებობდეს მოუგვარებელ სტადიაში, რომელიც, რუსეთის მხრიდან, როგორც ჩანს, განიხილება, როგორც გავლენის ინსტრუმენტი საქართველოშიც და ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც.
– ახლა, ასეთი ტრაგიკული ფაქტების შემდეგ, ოთხოზორია-ტატუნაშვილს ვგულისხმობ, რა შანსები რჩება დიალოგის? იყო კი ამ მიმართულებით გარკვეული მიღწევები?
– ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები არის უმძიმესი და აქ ჩვენი პოზიცია სრულიად შეურიგებელია. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პროცესი, რომელიც საზოგადოებების დიალოგს უკავშირდება, რაც მნიშვნელოვანი მიმართულებაა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში, რადგან, დიალოგი ან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია, არსებობდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან და მით უფრო, სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით. საუბარი გახლავთ იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან პრინციპული ამ ფაქტებთან დაკავშირებით: უნდა ჩატარდეს სათანადო გამოძიება ტატუნაშვილის შემთხვევაში, ხოლო ოთხოზორიას შემთხვევაში, სადაც იდენტიფიცირებულია კონკრეტული დამნაშავე, მის მიმართ გამოტანილია სასჯელი, იძებნება წითელი ცირკულარით, მნიშვნელოვანია, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება და ჩვენ ვიქნებით სრულიად შეურიგებელი, სანამ ეს არ იქნება მიღწეული.
რაც შეეხება დიალოგს, მასში მოიაზრება შესაძლებლობების ძალიან ფართო სპექტრი – დაწყებული სახალხო დიპლომატიით, ექსპერტების მონაწილეობით კონკრეტულ საკითხებზე მუშაობის და თუნდაც ისეთი ფორმატები, სადაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სტატუს-ნეიტრალურ ფორმატებში მონაწილეობენ, იმისთვის, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და მოსახლეობის ჰუმანიტარული ინტერესებიდან გამომდინარე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, მაგალითად, გადაადგილების თავისუფლება, სხვადასხვა სიკეთეებზე წვდომა. ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, კულტურული მემკვიდრეობა თუ სხვა ტიპის ურთიერთობები – ეს არის ის სფეროები, სადაც დიალოგი განიხილება. მეტიც, ძალიან კონკრეტული ინიციატივები და წინადადებები არსებობს ჩვენი მხრიდან, რასაც აქვს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა.
– რას იტყვით პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივაზე, როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან დიალოგი ამ მკვლელობებისა და ბრიტანეთის ქეისის კონტექსტში?
– პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება იყო საქართველოს ძალიან ღია განაცხადი იმის თაობაზე, როგორ წარმოუდგენია სამშვიდობო პროცესის გაგრძელება. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ განცხადებაში: მიმართულია იმ ძალისკენ რომელსაც აქვს პასუხისმგებლობაც მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და, ასევე, ვალდებულებებიც, რაც გამომდინარეობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან.
ეს განცხადება გაკეთებულია იმ ვითარების სიმძიმის ხაზგასასმელად, რომელიც შექმნილია 2008 წლიდან და რასაც, საუბედუროდ, კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა და ამიტომ, რუსეთის ამ პასუხისმგებლობაზე გაკეთდა აქცენტი და ასევე, მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი – აუცილებელია გამოსავლის მოძებნა სწორედ არსებული სიტუაციიდან, რაც ნიშნავს კონფლიქტის მოგვარებას და ერთგვარი წინაპირობაცაა მონიშნული რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რომ საჭიროა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით სიარული და გონივრული ნაბიჯების გადადგმა.
რაც შეეხება საკითხს, როგორ ფორმატში წარმოგვიდგენია რუსეთთან ურთიერთობა, ამ კონტექსტში იყო ნახსენები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელიც ფართო საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს.
ბრიტანეთის ქეისთან მიმართებაში: კონტექსტი ის გახლავთ, რომ რუსეთის პოლიტიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით არის მძიმე და დესტრუქციული, ამიტომ, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ნათელი უნდა გახდეს, მათ შორის შიდა აუდიტორიისთვისაც, სიტუაციის სიმძიმე. არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულებაა, გავაცნობიეროთ, რა მდგომარეობაში ვართ, და რა ვითარებაში გვიწევს, თავიდან ავირიდოთ პროვოკაციები და არ შეფერხდეს ჩვენი განვითარების კურსი. სწორედ ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მანიფესტი, რომ ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება და ამიტომაც ჰქონდა ამას ძალიან დადებითი შეფასება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
– ისევ ტატუნაშვილის თემას მინდა მივუბრუნდე. რა ინფორმაცია გაქვთ? რა წერია წითელი ჯვრის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემულ ექსპერტიზაში? ვინ ჩაატარა ეს ექსპერტიზა? სიმართლეა, რომ ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს? „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ტატუნაშვილს თითი ჰქონდა მოჭრილი, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
– არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედია არის უდიდესი ტკივილი არა მარტო ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა და იცით, რომ თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, ეს საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხიც გახდა.
რამდენიმე დღის წინ მივაგეთ პატივი მას და გვქონდა საშუალება, გამოვმშვიდობებოდით ადამიანს, რომელიც, საუბედუროდ, მორიგი მსხვერპლია საოკუპაციო პოლიტიკის.
რაც შეეხება თქვენს კითხვას: ცხედარი მოსკოვში არ ყოფილა გადასვენებული. როგორც იცით, ცხედარი წითელი ჯვრის მეშვეობით, დაგვიანებით გადმოეცა ქართულ მხარეს. გადმოცემისთანავე ჩატარდა ცხედრის ექსპერტიზა და პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო სამუშაოები, ექსპერტიზა გრძელდება იმისთვის, რომ დაიდოს კვალიფიციური დასკვნა. გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოეფინოს გარემოებებს, რომელშიც მოხდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. ბუნებრივია, ის ფაქტი, რომ დაგვიანებით გადმოგვცეს ცხედარი, გარკვეულად ცვლის სურათს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ექსპერტები ყველა საჭირო პროცედურას ატარებენ. განიხილება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის შესაძლებლობა საჭიროებიდან გამომდინარე და ყველა იმ მექანიზმის ამოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ ტრაგიკულ ფაქტზე სათანადო რეაგირებასთან. რაც შეეხება ე.წ. ექსპერტიზის დასკვნას, გამოძიებას აქვს და მასალებს ეცნობიან.
პირველადი ინფორმაციით ექსპერტების მხრიდან, ცხედარს აღენიშნება დაზიანებები, რომელთა ხარისხსა და წარმოშობაზე კვალიფიციური დასკვნა დაიდება. ფაქტია, მათ შორის რუსულ და ოსურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ადამიანი უკანონოდ დააკავეს, დაატყვევეს და მის მიმართ გამოიყენეს ძალა. უკვე ეს გარემოება, რა თქმა უნდა, საფუძველს იძლევა, რომ აღიძრას საქმე, მათ შორის, ვარაუდის საფუძველზე განზრახ მკველელობის მუხლით და ამ გამოძიების შედეგებსაც უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება ცხედრის დაზიანების ხარისხს, რაც გავრცელდა ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან, მოგვიანებით თავადვე დაადასტურეს, რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
– რა გეგმები აქვს თბილისს სიმართლის დასადგენად? ექსპერტიზის გარდა, სხვა რა ინფორმაციის გადმოცემას ელოდებით?
– ეს საკითხი განხილული იქნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე. მე ვფიქრობ, გამოძიება იმოქმედებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა მექანიზმი, დაწყებული პოლიტიკური, დიპლომატიური დისკუსიების გამოყენებით, ასევე სამართლებრივი, ჩართული იქნება იმაში, რომ სათანადო რეაგირება მოხდეს, გამოძიება მაქსიმალურად ინტენსიურად წარიმართოს და დაიდოს შედეგები, რაც ნათელს მოჰფენს არსებულ სურათს.
არჩილ ტატუნაშვილი არის მორიგი მსხვერპლი განგრძობადი ოკუპაციის და იმ ვითარების, როდესაც ადამიანის უფლებები რეგულარულად ირღვევა, მათ შორის სხვა ფორმებითაც – როგორიცაა უკანონო დაკავებები, კრიმინალური სიტუაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ასევე, დისკრიმინაცია, მათ შორის ქართული მოსახლეობის, რომელიც დღეს ცხოვრობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, და არამხოლოდ ქართული მოსახლეობის, რადგან მთელი ეს ზომები ხელს უშლის აფხაზ, ოს და ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის ჩვენს მოსახლეობას, რომ ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დაიკმაყოფილოს და გარკვეულწილად, განვითარდეს.
– დაბოლოს, რას იტყვით ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე? თქვენი სამინისტრო ჩაერთვება მის შედგენაში? თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ამ სიაში და რამდენად ეფექტურად შეძლებს თბილისი მათთვის სანქციების არა უბრალოდ დაკისრებას, არამედ მის აღსრულებასაც?
– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არ არის სია და არ უნდა გაიგივდეს მხოლოდ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან, იმის გამო, რომ პარლამენტში შეჯერდა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ის, თავისი დატვირთვით, გაცილებით ვრცელი დოკუმენტია, რომელიც მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს: ხაზს უსვამს რუსეთის პასუხისმგებლობას დღეს მიმდინარე მოვლენებზე, მოუწოდებს მას, გადადგას ნაბიჯები ვალდებულებების შესასრულებლად და დეოკუპაციისკენ. ასევე, მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა, მათ შორის ადამიანის უფლებების ინსტრუმენტის ამოქმედებისთვის, რაც იქნებოდა ერთ-ერთი ქმედითი ზომა კონფლიქტის მოგვარებამდე, რომ ადამიანები მეტად დაცული ყოფილიყვნენ ამ ტერიტორიებზე და ასევე იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ხალთა შორის კონტაქტს და ნდობის მშენებლობას, რაც ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წინაპირობაა.
ამ რეზოლუციაში საუბარია გამოძიების მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ დადგინდეს სამართლებრივად პასუხისმგებელი პირების ჩართულობა, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ხოლო ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიის შემთხვევაში, განისაზღვრება ის სამართალდამცავი ორგანოები, რომელსაც ასეთი კომპეტენცია გააჩნია, კონკრეტული პირების ბრალეულობის გამოსავლენად და ასეთის შემთხვევაში, უკვე შესაძლებელი იქნება საუბარი გარკვეული სანქციების დაწესებაზე, მით უფრო, რომ ოთხოზორიას მკვლელის მიმართ უკვე ამოქმედებულია უმძიმესი სანქცია – ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა და ნებისმიერი გამოჩენისას რომელიმე ქვეყანაში მის მიმართ შემაკავებელი ზომები ამოქმედდება.