დღეს „რუსთავი 2“-ზე „მხოლოდ ქართული“ იწყება. დღევანდელ შოუში მაყურებელი ბათუმის ქასთინგს ნახავს. „პრაიმტაიმის“ სტუმარი პროექტის ერთ-ერთი წამყვანი, ილო ბეროშვილია.
ილო ბეროშვილი:
– ძალიან საინტერესოა ეს პროექტი ჩემთვის, ახალი გამოწვევაა, აზარტულია. ჩემთვის ნიჭიერი ადამიანი ინსპირაციის წყაროა და თითოეულ მათგანთან შეხვედრა მავსებს. ჩემი და ნიკას ერთ-ერთი ფუნქცია მონაწილეების გამხნევებაა. საკმაოდ რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა, თითოეულ მონაწილეს 2 წუთი აქვს, რომ ჟიურის წევრებს თავი მოაწონოს. ვიღაც იბნევა, ვიღაცას პირი უშრება, ვიღაც ნერვიულობს. ამიტომ მხოლოდ ნიჭიერება არ არის საკმარისი. უნდა მოახერხო და იმ 2 წუთში საუკეთესო თვისებები გამოავლინო. მე და ნიკა სწორედ ამაში ვეხმარებოდით მონაწილეებს, რომ სტრესისგან და დაძაბულობისგან გაგვეთავისუფლებინა.
– გაბრაზებული კონკურსანტები დაგამახსოვრდა?
– იყო ერთი შემთხვევა, როცა ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა ადამიანი შესვლისა და გამოსვლის დროს თავისავე თავისგან. ეს იყო ჩემი მასწავლებელი, გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა. ვაქე, ვადიდე, რა აღარ ვილაპარაკე, ისეთი პოზიტივი მოიტანა... მაგრამ გამოვიდა იქიდან და ისეთი ამბავი ატეხა, აბსოლუტურად უსამართლოდ. გენიოსი ვარო, ამბობდა. ძალიან შემრცხვა.
– წამყვანების სიმღერას ვნახავთ შოუში ქასტინგების დროს?
– პატარ-პატარა ელემენტები იქნება. მაგრამ ყველაფერს ნუ მათქმევინებთ, სიურპრიზიც დავუტოვოთ მაყურებელს.