ახალი ბრალდებით, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას, სავარაუდოდ, უვადო პატიმრობა ემუქრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ახალი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუმა ჭელიძემ განაცხადა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.
გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - განაცხადა ჭელიძემ.
ბრალის წარდგენის მომენტში გლდანის ციხეში საქმის პროკურორი არ იმყოფებოდა, იყო მხოლოდ გამომძიებელი. ასევე ცნობილია, რომ დღესვე სასამართლო გიორგანაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.
გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.