"ამდენი ხანი რატომ არ წაუყენეს მაშინ ბრალი ირაკლი ქორიძეს?!..." - ბექა წიქარიშვილი "ბახალას" საქმეში საეჭვო დეტალებზე საუბრობს

16:08 04-02-2018
256

"თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი თვლის, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალდება, რომელიც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, საზოგადოების უკმაყოფილების გადაფარვას ემსახურება.

ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა. 

"თავიდანვე კითხვებს აჩენდა ეს ახალი ბრალდება. ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ წაუყენეს მაშინ ბრალი ირაკლი ქორიძეს, რომელიც აქ იყო და თავისუფლად შეეძლოთ მაშინ, როდესაც ბახალას წაუყენეს ბრალი, მისთვისაც წაეყენებინათ. ამდენი ხნის განმავლობაში ვისთვის ინახავდნენ?! ჩვენი ვარაუდია და პრინციპში, დარწმუნებულებიც ვართ, რომ ეს არის იმ უკმაყოფილების გადასაფარად, რაც გამოიწვია ახალი კანონპროექტის გაჩენამ. ეს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის ამბავია, ვიდრე ერთი ადამიანის საქმე, უბრალოდ ამ საქმეზე აპელირებით, ცდილობენ გადაფარონ ძალიან დიდი უკმაყოფილება, რომელზეც დამოკიდებულია ათასობით ადამიანის ბედი. ვგულისხმობ იუსტიციის უწყებათაშორის საბჭოზე აბსურდული კანონპროექტის გამოჩენას, რომელიც არაფერს ცვლის ნარკოპოლიტიკაში და ცდილობენ, ამის გატანით გავიდნენ ფონს. გარდა ამისა, იმ უკმაყოფილების ფონზე, რაც მამუკა ბერძენიშვილის გაუბედურებამ გამოიწვია და რასაც დიდი უკმაყოფიელბა მოჰყვა საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ამის გადასაფარად მოხდა "ბახალას" საქმის შემუბრუნება. მითუმეტეს, დღეს, ადვოკატი გიორგი მახარაძე ბრალს გაეცნო და არანაირი ახალი გარემოება არ არსებობს, რაც აქამდე იყო", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს. 

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე