არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი სკანდალურ ბრალდებებთან დაკავშირებით, სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.
ამის შესახებ ზვიად დევდარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უკანასკნელი ორი კვირა ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის, სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ამ დღეებში სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ, რისთვისაც პირველ რიგში მათ ვუხდი ბოდიშს. მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს“, - განაცხადა დევდარიანმა.
დევდარიანი აპირებს, ითანამშრომლოს შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან, ასევე ამტკიცოს მისი სიმართლე სასამართლოში.
„მზად ვარ, ვიდავო ჩემი პატივის, ღირსების და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე. მზად ვარ ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ "ფეისბუქ სასამართლოს" წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოვლგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. ხოლო თუ სინამდვილეში რა იყო ამ ყველაფრის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება და კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ იმ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს დავიწყე არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ღირსების, პატივის და რეპუტაციის გადასარჩენად“, - განაცხადა დევდარიანმა.
სიდა-ს უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ 17 მარტს 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. აღსანიშნავია, რომ სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.
ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.
შედეგად, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დიწყო.