ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სასამართლოზე დაკითხული მოწმე იტყუება, როცა ამბობს, რომ მოკლულთან კავშირი არ ჰქონია.
„მოიტანეს ექსპერტიზის დასკვნა, დღეს გაჟღერდა, რომ თურმე მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩემი შვილის სისხლი. მოწმე ამბობს ჩვენებაში, რომ ჩემს შვილთან შეხება არ ჰქონია. თუ შეხება არ ჰქონია, როგორ აღმოჩნდა ჩემი შვილის სისხლი მის ტანსაცმელზე?“-ამბობს სარალიძე.
პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლეს ორი მოზარდი. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძეს საავადმყოფოში სამი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ის მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.