ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სასამართლოზე დაკითხული მოწმე იტყუება, როცა ამბობს, რომ მოკლულთან კავშირი არ ჰქონია.
ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პრაიმტაიმს განუცხადა და საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა.
„ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამ მოწმის ტანსაცმელზე აქვს ჩემი შვილის სისხლის კვალი, მაგრამ ჩვენებებში მიცემული აქვს მომწმეს, რომ ჩემ შვილთან შეხება არ ჰქონია... თუ შეხება არ ქონდა საიდან მოხვდა ტანსაცმელზე სისხლის კვალი?! ეს ფაქტობრივად უკვე ახალი დეტალია, მაგრამ სამწუხაროდ ამ მოწმის დაკითხვა ხელახლა არ მოხდება. სამწუხაროდ, პროკურატურამ გვიან წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა. უშუალოდ ეს მოწმე ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა თუ არა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ იქ იყო იმიტომ, რომ სხვანაირად ვერანაირად ვერ მოხვდებოდა მის ტანსაცმელზე ჩემი შვილის სისხლის კვალი, - აცხადებს დავით სარალიძის მამა.
მისი თქმით, საქმეში ახალი დეტალები აღარც გამოიკვეთება.
ყველა მოწმე დაპროგრამებულია, ერთი და იგივეს საუბრობენ. ახალი დეტალის გამოკვეთა პირდაპირ ურტყავს პტროკურატურას, გამოძიებას და აქ თავდაყირა დადგება ყველაფერი. მინიმუმ 2 პირი, რომელიც უშუალოდ მკვლელობაში მონაწილეობდა, გარეთ დადის. ინციდენტის გამო თითქმის ყველა დასაკავებელია გარკვეული მუხლების მიხედვით, შესაბამის დანაშაულთა შეფარდებით. იქ იყო დანაშაულის შეუტყობინებლობა, მომაკვდავის განსაცდელში მიტოვება და ა.შ “ - განაცხადა სარალიძემ.
პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლეს ორი მოზარდი. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძეს საავადმყოფოში სამი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ის მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სესე კოპალეიშვილი