შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დავით ლაცაბიძე აცხადებს, რომ თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეში მხოლოდ ერთი მოწმე არ არსებობს.
ამის შესახებ დავით ლაცაბიძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა.
"არის მრავალი მოწმე, რომელთა კონკრეტული ჩვენებები სასამართლოზე გაიჟღერებს და იქ შეფასდება, რამდენად დამაჯერებელია მათი ჩვენებები. საქმეში არის მოწმეების ჩვენებების და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც საერთო ჯამში, ქმნიან საერთო სურათს, რაზეც ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ. თვალნათლივ ჩანს დანაშაულებრივი სქემის არსებობა, რომლის სათავეშიც ირაკლი ქორიძე დგას", - განაცხადა დავით ლაცაბიძემ.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.