"რუსთავი 2“- ის საქმეზე სტრასბურგის მიერ საქართველოსთვის გადმოგზავნილ კითხვებზე პასუხები იუსტიციის სამინისტრომ უკვე გადააგზავნა

13:43 04-04-2018
238

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ საქართველოსთვის გადმოგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად იუსტიციის სამინისტროს დრო 29 მარტამდე ჰქონდა.

როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, კითხვის საპასუხოდ - გააგზავნა თუ არა სამინისტრომ სტრასბურგში დოკუმენტი, აღნიშნა, დოკუმენტი უკვე გაგზავნილია. 

შემდეგი პროცედურა ამის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოდან პასუხია, რომელიც მოსარჩელეს გადაეგზავნება და კონტრარგუმენტების წარსადგენი ვადა განესაზღვრება. პროცედურის დასრულებისთანავე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ტელეკომპანიის სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 7 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, "რუსთავი 2"-ის საქმეზე, უვადოდ, იმ დრომდე შეაჩერა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" მისი ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის, შპს პანორამას საკუთრება გახდა.

ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე საქმეები საქართველოში არსებულმა ყველა ინსტანციის სასამართლომ განიხილა, თუმცა, გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში უცვლელი დარჩა.

"რუსთავი 2"-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც ტელეკომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

ქიბარ ხალვაში სასამართლოს ნასყიდობის იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიაში მისი და მისი კომპანიის წილი შპს საქცემენტის და შპს გეო-ტრანსის საკუთრება 2006 წლიდან გახდა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულებით არხის ასპროცენტიანი წილის დაახლოებით 269 ათას დოლარად გაასხვისა, თუმცა, თანხა არ მიუღია.

მოსარჩელის მოთხოვნები შემდეგია: ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მფლობელების - ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, ნინო ნიჟარაძისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს წილების მისთვის გადაცემა; ტელეკომპანიის ლოგოს ავტორად აღიარება; რუსთავი 2-სთვის ლოგოს უნებართვოდ სარგებლობისთვის 200 ათასი ამერიკული დოლარით ანაზღაურება; სატელევიზიო გადაცემების - ბოიარდის სასახლე, უკანასკნელი გმირი და ჯეობარი (ქართული ვერსიები) - საავტორო უფლების მფლობელად აღიარება; ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ 300 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა;

ავტორი: ლილუ მიროტაძე