„მხოლოდ ქართული“ დაიწყო და პირველივე გადაცემას მოჰყვა ხმაური. ტრადიცილუად მაყურებელი ორ ნაწილად დაიყო. ერთნი, რომლებიც ძირითადად ჟიურის წევრების კრიტიკით არიან დაკავებულნი და მეორენი, რომლებიც შოუს იწონებენ, მიესალმებიან ქართული მუსიკალური პროექტის დაწყებას და მონაწილეთა ნამღერით ტკბებიან. ორივე შემთხვევა იმაზე მიუთითებს, რომ ახალი მუსიკალური შოუ რეიტინგულია.
პირველი გადაცემის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო სულხან დევიძე ბათუმიდან. კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მაინც ქეიფობ, აი, ქეიფობ და მომკალი“- უთხრა ღიმილით მარინა ბერიძემ კონკურსანტს, როცა მეორე ტურში გადასასვლელი საგზური მისცა. ალბათ ამას გულისხმობდა ქალბატონი მარინა, როცა ახალგაზრდების გვერდში დგომაზე საუბრობდა „პრაომტაიმთან“ ინტერვიუში. გტავაობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.
მარინა ბერიძე:
– ძალიან ბევრ ადამიანს მოვუსმინეთ – მომღერალს, დამწყებს, დილეტანტს. რთული გზა გავიარეთ, მაგრამ მაინც შევჯერდით იმაზე, რომ მთავარი იყო ინდივიდუალიზმი, მართალი სიტყვა გვეპოვა. არ ვიცი, ვინ რას ელოდება, მაგრამ მე პირველი დღიდან, როგორც კი კონკურსის შესახებ გახდა ცნობილი, ვთქვი, რომ ვიქნები ახალგაზრდების მხარეს. მე პირადად სულ ვეძებ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან გულწრფელები ავლენ დიდ სცენაზე. მერე ან ჩაეჭიდებიან ამ სცენას, ან – არა. ეს არის ცხოვრება. ძალიან ბევრი საინტერესო, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ვნახეთ. კონკურსი მაინც გამართლებაა. თუკი მომღერალს თავისი გარკვეული შტამპი აქვს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონკურსის გარეშე დაიპყროს სცენა. კონკურსი სჭირდება იმას, ვინც ახლა იწყებს. ამიტომ ბევრი სირთულე იყო, ძალიან ბევრი. ჩემთვის მთავარი ამბავი ის იყო, რომ ქართველ ერს უყვარს თავისი ქვეყნის სიმღერა. ჩემთვის გიორგი ცაბაძეც ქართულია, ნინო ქათამაძეც, ნიაზ დიასამაძეც, „მწვანე ოთახიც“, „სახეც“ და ა. შ.
მარინა ბერიძე - რომლის ღიმილის არავის სჯერა, - ასე წარუდგინა პროექტის მთავარმა რეჟისორმა, ნიკა ლომიძემ ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრი პირველ გადაცემაში მაყურებელს.
მე კი მგონია, რომ ღიმილი, რომელიც ქალბატონი მარინასგან სულხანისკენ მოდიოდა გულწრფელი იყო. გთავაზობთ პირველი გადაცემის ერთ-ერთი ფავორიტის, სულხან დევიძის გამოსვლას „მხოლოდ ქართულში“