ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება

10:21 04-05-2018
122

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილისა და ბაადურ ჩოფანაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

სასამართლოს წინაშე დღეს მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარდგნენ. გორნაკაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ დაცვის მხარე არც შესავალ სიტყვას წარმოთქვამს და არც რაიმე შუამდგომლობას დააყენებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა პირველ საათზეა დანიშნული.

მანამდე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მტკიცებულებებში შედის მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ამოღებული ნივთმტკიცებულებები და ოქმები, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დამტკიცდება.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე