მოვითხოვეთ, რეგულაციები გამკაცრებულიყო, რადგან ადამიანების სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია - კახა კალაძე

13:24 04-05-2018
103

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. 

კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით, შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. 

„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს შემთხვევა და სამწუხაროდ, პირველიც არაა. რაც შეეხება შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას, ჩვენ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების ინიციატორი ვიყავით. მოვითხოვეთ, რეგულაციები გამკაცრებულიყო, რადგან ადამიანების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. თუ საჭიროა, კიდევ დამატებით რაიმე რეგულაციის შემოღება, შეიძლება, პარლამენტთან ერთად ვიმსჯელოთ, რათა რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. 

მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე