ტყიბულში მინდელის შახტთან გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრები და ნათესავები იმყოფებიან.
მათი თქმით, ამ დრომდე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცი, თუ რამ გამოწვია უბედური შემთხვევა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.
„სამი ბავშვი დარჩა პატარა. 10 წელია მუშაობს. 46 წლის იყო. ტალღამ გადაყარა და მიახეთქა,“- ამბობს ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული ერთ-ერთი მეშახტის ახლობელი, ჟიული ქურციკიძე.
გარდაცვლილების ახლობლები ყვებიან რომ ტრაგიკული შემთხვევები მინდელის სახელობის სახტში ხშირად ხდება.
„სამი შვილი დარჩა ობლად... ერთია 1 წლის, მეორე 2 წლის, მესამე 6 წლის. რა ვუყო რა მეშველება, არ ვიცი, არ ვიცი რა ვქნა. არაფერს მეუბნებიან. არ ვიცით არაფერიო. აქ ბევრი მოხდა ასეთი ავარიები,“- ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძა ჯონდო ბოჭორიშვილი.
უბედური შემთხვევა მინდელის შახტში დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.
სამხარეო პოლიციის უფროსის განცხადებით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დილის 05:00 საათზე შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლით არის დაწყებული.