ორკვირიანი პაუზის შემდეგ „პროფილი“ ეთერში დაბრუნდა და ტელეწამყვანი მაია ასათიანი ალაპარაკდა. მაიამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „ფორტუნას“, სადაც თავის ტკივილზე ისაუბრა. განსაკუთრებით საგულისხმოა ის მომენტი, სადაც მაია ყვება, რომ შვილის გარეშე იმ სახლში ცხოვრება გაუძნელდა, სადაც ნუცასთან ერთად ცხოვრობდა.
„შარშან, ნუცას გარდაცვალების შემდეგ მთავარი გეგმა იყო, გადავრჩენილიყავი და დავრჩენილიყავი სიცოცხლეში… და ასეც მოხდა. სახლში, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, გაჩერება ძალიან გამიჭირდა. შევიცვალე საცხოვრებელი და ახლა ვარ ნაქირავებ ბინაში. ავიღე კრედიტი და ვიყიდე ახალი ბინა. ახლა რემონტის ბოლო სტადიაში ვარ. თითქოს, ამით ჩემს ახალ სიცოცხლეს ვიწყებ. 40 წლის ასაკში დავიწყე ახალი ცხოვრება და პირველ ნაბიჯებს ვდგამ.
ვიცი, რომ მკითხავ პირადზე და ამაზე პასუხი არ მაქვს. პირადი ყოველთვის მქონდა, მაგრამ არასდროს მივიჩნევდი, რომ ამაზე ხმამაღლა უნდა მესაუბრა, რადგან პირადს ისედაც ვნებს, როცა წყვილში ცნობილი ქალია… არ მახსენდება პერიოდი, როცა მარტო ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა მამაკაცი, რომლის გვერდითაც თავს კარგად ვგრძნობდი.
ხშირად მისვამენ კითხვას, გავაჩენ თუ არა ბავშვს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს ამ შეკითხვის დროს, რადგან ეს პირადი და მტკივნეული თემაა. ამ ეტაპზე იმდენად ვარ ჩემი ტრაგედიით მოცული, რომ ამას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია. ამ ეტაპზე არ ვარ მზად დედობისთვის. არ უნდა გააჩინო შვილი იმიტომ, რომ ტრაგედია გაგიქარწყლდეს… გარდაცვლილი შვილის სახელზე არ უნდა გააჩინო შვილი, რომ შენს ცხოვრებას აზრი შესძინო. ერთმა ჩემმა მეგობარმა, ქეთი ლომსაძემ მითხრა, არ მყავს შვილი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვსო… აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, ცხოვრებას აზრი ჰქონდეს… ახლა შვილის გაჩენა ძალიან ეგოისტური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან…“ - ვკითხულობთ სტატიაში.