ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდეს - დიმიტრი ქუმსიშვილი

15:15 04-05-2018
96

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მყოფი დაშავებული მეშახტეების მდგომარეობას პირადად გაეცნო.

ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ის კონტაქტურია, ჩვენ მასთან ვისაუბრეთ დეტალებზე. მას კარგად ახსოვს მომხდარი უბედური შემთხვევა - როგორ დაარტყა ჰაერის ტალღამ და როგორ მიანარცხა, გადააგდო. როგორც მან გვითხრა, სადღაც 17 მეტრზე მაინც გადააგდო ჰაერის ტალღამ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, თუმცა, ის კონტაქტურია. 

„ჩვენ დავარწმუნეთ ოჯახის წევრები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდეს და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სურვილის შემთხვევაში, თავიანთ საქმეს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.