ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზარალებულ 12 ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება

13:06 04-06-2018
110

ისნის რაიონის გამგეობამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზარალებულ 12 ოჯახთან ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ზარალის ანაზღაურებაში გათვალისწინებულია რემონტის, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის საფასური, ასევე ბინის ქირის კომპენსაცია. ამასთან, გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზარალებული 12 ოჯახიდან სამმა ოჯახმა დამატებით სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილი ტექნიკა მოითხოვა. 

„ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, დაზარალებულ 12 ოჯახთან მიღწეულია შეთანხმება ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც დათვლილია შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. მასში გათვალისწინებულია რემონტის, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის საფასური, ასევე ბინის ქირის კომპენსაცია. 12- დან 9 ოჯახმა თანხმობას ხელი მოაწერა და მათ ბინებში რემონტი უკვე დაწყებულია. სამმა ოჯახმა მოითხოვა დამატებით სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილი ტექნიკა, რაზეც მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ზიანის ოდენობის დადგენის შეუძლებლობის გამო“, - განაცხადეს "ინტერპრესნიუსთან"ისნის რაიონის გამგეობაში. 

რაც შეეხება დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს, გამგეობის ინფორმაციით, 31 პირიდან 29 -ს ზარალი უკვე აუნაზღაურდა. 

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.

დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.საგამოძიებო უწყებების მუშაობის დასრულების შემდეგ ბინებში დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.

ავტორი: