ხაშურის მერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

13:19 04-06-2018
1593

ხაშურის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ტელეკომპანია "თრიალეთი" ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 40 წლამდე ქალმა ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს წერილობით მიაწოდა. საქმის კურსში არიან ასევე ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები.

ქალის განმარტებით სექსუალური შევიწროვების ფაქტი ავტომანქანაში, 2018 წლის 26 თებერვალს მოხდა.

"ვახშმის დამთავრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მანქანით წაყვანა შემომთავაზა. წინა სავარძლები ეკავათ მძღოლს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ხოლო მე უკანა სალონში მჯდომი მერის გვერდით აღმოვჩნდი. სადაც მან, ჩემ გარდა, შემოიპატიჟა ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი თამაზ ლაცაბიძე და ტელეოპერატორი დავით ღოღობერიძე. მანქანაში ხელოვნური სივიწროვით ისარგებლა მთვრალმა გიორგი გურასპაშვილმა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჯერ მის მუხლებზე აღმოვჩნდი, შემდეგ კი, მთელი გზა, რესტორან "დიაოხიდან" ხაშურამდე ახდენდა ჩემ შევიწროებას არაესთეტიური ქმედებებით" - წერს განცხადების ავტორი.

მისივე თქმით, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მან შეტყობინება მიიღო, რომ გურასპაშვილი კაბინეტში ელოდებოდა და მასთან ასულიყო.

გიორგი გურასპაშვილს ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

ავტორი: