ხაშურის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია ტელეკომპანია თრიალეთმა გაავრცელა.
პრაიმტაიმი ხაშურის მერს გიორგი გურასპაშვილს დაუკავშიდა. მისი განმარტებით, მოძალადე არასდროს ყოფილა და ეს ცილისწამება იმიტომ მოიფიქრა გარკვეული ადამიანებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომ მისი დისკრედიტაცია და რეპუტაციის შელახვა მოახდინონ:
ეს არის ძალიან ბინძური ცილისწამება, რომელსაც პასუხს იმ ორგანოებში გავცემ, სადაც ამ ყველაფერს იკვლევენ. ვიღაცის სისულეებზე რა კომენტარი გავაკეთო. ბინძური ადამიანების ჯგუფი ცდილობს, რომ ჩირქი მოსცხოს ჩემს ავტორიტეტს და რეპუტაციას. მოძალადე არასდროს ვყოფილვარ, განსაკუთრებით ქალების მიმართ. ასეთი ინტერესი არასდროს მქონია, ეს არის ჩემი დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება.
კითხვაზე, ვინ არის ქალბატონი, რომელიც ადანაშაულებს, გიორგი გურასპაშვილმა პრაიმტაიმს ამგვარად უპასუხა:
რა მნიშვნელობა აქვს, რადგან წყარო თავად არ გაამხილეს, როდესაც შესაბამის ფაზაში შევა ამ საქმის მოკვლევა, თავისთავად გახდება ცნობილი.
ხაშურის მერის ცნობით, ადვოკატებთან კონსულტაციებს უკვე გადის.
შეგახსენებთ, რომ 40 წლამდე ქალმა განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროვების ფაქტი ავტომანქანაში, 2018 წლის 26 თებერვალს მოხდა. ქალის თქმით მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მან შეტყობინება მიიღო, რომ გურასპაშვილი კაბინეტში ელოდებოდა და მასთან ასულიყო, მანამდე კი ხაშურის მერმა მანქანაში არაესთეტიური ქმედებებით შეავიწროვა.
ვახშმის დამთავრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მანქანით წაყვანა შემომთავაზა. წინა სავარძლები ეკავათ მძღოლს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ხოლო მე უკანა სალონში მჯდომი მერის გვერდით აღმოვჩნდი. სადაც მან, ჩემ გარდა, შემოიპატიჟა ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი თამაზ ლაცაბიძე და ტელეოპერატორი დავით ღოღობერიძე. მანქანაში ხელოვნური სივიწროვით ისარგებლა მთვრალმა გიორგი გურასპაშვილმა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჯერ მის მუხლებზე აღმოვჩნდი, შემდეგ კი, მთელი გზა, რესტორან დიაოხიდან ხაშურამდე ახდენდა ჩემ შევიწროებას არაესთეტიური ქმედებებით - წერს განცხადების ავტორი. განცხადება პრემიერმინისტრთანაა გაგზავნილი. საქმის კურსში არიან ასევე ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და ქართული ოცნების სხვა ლიდერები.